"გაკვეთილები საქართველოდან" - მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Economist-ში ოპედს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ დაშოშმინების პოლიტიკა არაფერია, თუ არა ნელი მოქმედების ნაღმი" - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Economist-ში ოპედს აქვეყნებს და რუსეთთან ურთიერთობის წარსულ გამოცდილებაზე საუბრობს. 

"მთელ მსოფლიოში ბევრია, ვინც უკრაინაში კონფლიქტის "გაყინვისკენ" მოუწოდებს, რაც რუსეთს ქვეყნის ნაწილის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა. მაგრამ საქართველოს მაგალითი აჩვენებს, რომ დაშოშმინების პოლიტიკა არაფერია თუ არა ნელი მოქმედების ბომბი, ესკალაციის საფეხური", - ამბობს სააკაშვილი.

ის 2008 წლის ომს იხსენებს და წერს, რომ პუტინმა სამხედრო კონფრონტაცია საქართველოს ანტიკორუფციული რეფორმებისა და ეკონომიკური წარმატების გამო დაიწყო. მიზეზი იგივე იყო უკრაინაშიც.

"უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ეს ქვეყანა საბოლოოდ გამყარდა, როგორც საარჩევნო დემოკრატია და მას შემდეგ, რაც ზელენსკის ადმინისტრაციამ ოლიგარქების დევნა და რადიკალური რეფორმების გატარება დაიწყო", - აღნიშნავს სააკაშვილი და დასძენს, რომ პუტინმა ვერ მოიგო მშვიდობა, მაგრამ ვერც ომს მოიგებს.

იგი იხსენებს იმასაც, რომ პოლონეთის იმდროინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ რამდენიმე ევროპელი ლიდერი მოაბილიზა თბილისში, პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩაერია და პუტინი იძულებული გახდა შეჩერებულიყო. სააკაშვილის თქმით, სწორედ პუტინი დაეხმარა 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლაში, რისთვის "ჰიბრიდული ოპერაცია" - დეზინფორმაციული კამპანია და საქართველოს საზღვართან სამხედრო მანევრები გამოიყენა.

"პუტინმა ასევე ჩემზე პირადი გამარჯვება მოიპოვა. როგორც კი ჩემი საპრეზიდენტო ვადა დასრულდა, ახალმა მთავრობამ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა, რითაც მაიძულა ქვეყანა დამეტოვებინა," - ახადებს სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ მისი დაკავება და ციხეში ჩასმა რუსულ სახელმწიფო მედიას ახარებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი