რუსეთში "ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი ​"უცხოეთის აგენტად" გამოაცხადეს

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტრომ "ნოვაია გაზეტას" მთავარი რედაქტორი და ნობელის პრემიის ლაურეატი, დმიტრი მურატოვი, "უცხოეთის აგენტად" გამოაცხადა.

იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, მურატოვი "უცხოური აგენტების" მიერ მასალების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობდა. ამას გარდა, მან გამოიყენა უცხოური პლატფორმები იმ მოსაზრებების გასავრცელებლად, რომლებიც მიზნად ისახავდა "რუსეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას."

მურატოვის გარდა, იუსტიციის სამინისტრომ რეესტრში დაამატა ტელეკომპანია "დოჟდის" ჟურნალისტი დენის კატაევი, კომიკოსი რუსლან ბელი, მწერალი ოლეგ რაძინსკი, პოლიტიკოსი მაიბეკ ვაჩაგაევი, ეკონომისტი კონსტანტინ სონინი, ნავალნის შტაბის ყოფილი უფროსი ევგენი კარპოვი, "ეხო მოსკვის" ჟურნალისტი ოქსანა ბარშევა და სანქტ-პეტერბურგის საკანონმდებლო კრების ყოფილი მოადგილე მაქსიმ რეზნიკი.

ცნობისთვის, 24 ივლისს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონებს, რომლებიც აწესებს ჯარიმებსა და ატარებს დაუგეგმავ ინსპექტირებას იმ პირებისთვის, რომლებიც ეხმარებიან "უცხოეთის აგენტებს" კანონის გვერდის ავლაში.

"უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ" ​კანონი კი რუსეთში 2022 წლის 1 დეკემბერს ამოქმედდა.

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს "უცხოეთის აგენტების" ერთიანი რეესტრში შეუძლია დაამატოს ნებისმიერი რუსული ან უცხოური ორგანიზაცია / პირი, თუ ისინი მიიღებენ უცხოურ მხარდაჭერას ან იმყოფებიან "უცხოური გავლენის ქვეშ," ან პოლიტიკურად საქმიანობენ, ან აგროვებენ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო-ტექნიკურ საქმიანობაზე, რომელიც "შეიძლება გამოყენებულ იქნეს ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ“.

ამას გარდა, რუსეთში გაჩნდა "უცხოეთის აგენტებთან" "აფილირებულ" პირთა რეესტრიც და ასეთებად მიიჩნევიან პირები, რომლებიც იყვნენ ან ამჟამად არიან "უცხოეთის აგენტის" სტატუსის მქონე ორგანიზაციის წევრები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი