
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა Economist-ში ოპედს აქვეყნებს, სადაც რუსეთთან ურთიერთობის წარსულ გამოცდილებაზეა საუბარი.
"დაივიწყეთ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობის ნორმალიზების იმედები, ამბობს საქართველოს ექს-პრეზიდენტი
მაშინ, როდესაც დასავლეთი უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიურ და სამხედრო საშუალებებზე მსჯელობს, მისთვის შეუძლებელია საკუთარი წარსული შეცდომების გაკვეთილების იგნორირება. მათ შორის ზოგიერთი ყველაზე სერიოზული [შეცდომა] რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს უკავშირდება, როდესაც, როგორც თავდასხმის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს მეთაური, მე ვიყავი ისეთივე სიტუაციაში, როგორშიც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
მსოფლიოში ბევრგან ისმის მოწოდებები უკრაინაში კონფლიქტის „გაყინვის“ თაობაზე, რაც რუსეთს საშუალებას მისცემს შეინარჩუნოს კონტროლი ქვეყნის ნაწილზე. მაგრამ ქართული გამოცდილება აჩვენებს, რომ ასეთი დაყვავების პოლიტიკა სხვა არაფერია, თუ არა დაყოვნებული მოქმედების ბომბი და ესკალაციის საფრთხე.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთ-საქართველოს ომი დაიწყო იმიტომ, რომ ის ვერასდროს მოიგებდა მშვიდობას. ჩვენ ის გავაღიზიანეთ შთამბეჭდავი ანტიკორუფციული რეფორმებითა და ეკონომიკური წარმატებებით საქართველოში, სადაც შევძელით ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეტევა მან მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს ქვეყანა საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც არჩევითი დემოკრატია, რაც ბ-ნი ზელენსკის ადმინისტრაციამ დაიწყო ოლიგარქების დევნა და არაერთი რადიკალური რეფორმა გაატარა.
მაგრამ ისევე, როგორც ვერ მოიგო მშვიდობა, პუტინი ვერ მოიგებს ომს.
2008 წელს ჩვენ მას წინააღმდეგობა გავუწიეთ. და მას შემდეგ, რაც პოლონეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ლეხ კაჩინსკიმ რამდენიმე ევროპელი ლიდერის მობილიზება მოახდინა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩამოსასვლელად და პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩაერია, პუტინი იძულებული გახდა გაჩერებულიყო. მაგრამ 2012 წელს მან ხელი შეუწყო ჩემი მთავრობის მოშორებას ჰიბრიდული ოპერაციით, რომელიც მოიცავდა ყალბი ამბების ნაკადს და სამხედრო მანევრებს საქართველოს საზღვარზე. ჩვენ ძალაუფლება აშკარად პრორუსულ მთავრობას გადავეცით, რაც, უნდა ვთქვა, რომ შვება იყო იმ ბევრი დასავლელისთვის, ვისთვისაც უხერხული დაბრკოლება ვიყავით რუსეთთან “საქმე ნებისმიერ შემთხვევაში“ პოლიტიკის განხორციელებაში.
პუტინმა ჩემზე პირადი გამარჯვებაც მოიპოვა. ჩემი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, რის გამოც იძულებული გავხდი, ქვეყანა დამეტოვებინა. როდესაც ცხადი გახდა, რომ შორიდან ვეღარ ვუყურებდი, როგორ ახდენდა საქართველოს რეფორმების რევერსირებას რუსეთის უკვე ღია მოკავშირე მთავრობა, მე დავბრუნდი, დამაპატიმრეს, ჩამსვეს ციხეში და მომწამლეს, რასაც რუსული სახელმწიფო მედია ზეიმობდა.
ერთი რამ, რაც პუტინს ახასიათებს, არის მისი „მე ყველას წინააღმდეგ“ მსოფლმხედველობა. ის აღვივებს განხეთქილებას „ყველა დანარჩენს“ შორის და იყენებს მას დეზინფორმაციის გავრცელებით და დებატების თემების დაპირისპირების საგნებად გარდაქმნით. მის ინსტრუმენტებს შორის არის მუქარა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული მთელი ძალა, მათ შორის, ბირთვული იარაღი; და სხვების დადანაშაულება სიტყვის შეუსრულებლობაში, როდესაც სინამდვილეში ის არღვევს თავის დაპირებებს. მან ეს ხრიკი არაერთხელ გამოიყენა.
დასავლეთი არ უნდა გაებას ამ ხაფანგებში. [დასავლეთს] უნდა ესმოდეს, რომ ამ ომიდან გვერდითი გამოსავალი - ცეცხლის შეწყვეტა, ახალი ხაზების დაფიქსირება ან რაიმე ახალი ორმხრივი „გარანტიები“ - არ არსებობს. პუტინი არის მოძალადე, რომლის დარწმუნებაც შეუძლებელია. მისი მართვის ქვეშ მყოფ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები მხოლოდ ფანტაზიაა. მხოლოდ ძალის გამოყენებას ან მის სარწმუნო საფრთხეს შეუძლია მისი შეჩერება, როგორც ეს მოხდა 2008 წელს, როდესაც რუსული ძალები შეჩერდნენ თბილისთან ახლოს ამერიკის მიერ „სამხედრო-ჰუმანიტარული ოპერაციის შესახებ“ განცხადების შედეგად, რასაც თან ახლდა საზღვაო მანევრები შავ ზღვაში. ეს არ არის დელიკატური დიპლომატია.
2009 წლის დასაწყისში მოსული აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ბარაკ ობამას ხელმძღვანელობით, როგორც ჩანს, რუსეთ-საქართველოს ომს მისი წინამორბედის პრობლემად თვლიდა. მან რუსეთთან „გადატვირთვის“ პოლიტიკა მიიღო, იმ ვარაუდით, რომ თუ ამერიკა შეარბილებდა რიტორიკას და „გონივრული“ იქნებოდა პუტინთან, ურთიერთობების ნორმალიზება შესაძლებელი იქნებოდა. 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია ამ პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იყო.
და მაინც, დღესაც გვესმის მსგავსი მოწოდებები: მოსაზრება, რომ პუტინი არ უნდა დავამციროთ და რომ შეიძლება ერთგვარი დამხმარე გზის მიცემა ომიდან ღირსეულად გასასვლელად. მაგრამ ეს მას არ აინტერესებს. მისი საგარეო პოლიტიკა ემყარება იმპერიულ იდეოლოგიას, რომელიც მის გარშემო არსებულ ქვეყნებს რუსეთის საკუთრებად მიიჩნევს. ახლა მან გააფართოვა თავისი მტრების სია, და „ყველა დანარჩენი“ განავრცო ყველაზე, ვინც ცდილობს ხელი შეუშალოს მას უკრაინის გადაყლაპვაში.
როდესაც ხალხი პუტინთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრობს, მათ რამდენიმე წარსული ეპიზოდი უნდა გაითვალისწინონ. 2008 წელს მან ხელი მოაწერა საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზის შუამავლობით იქნა მიღწეული, თუმცა არ გაიყვანა სრულად ჯარი, როგორც ამას შეთანხმება მოითხოვდა. ის ამას ადგილზე „ახალი რეალობის“ მოტივით ამართლებდა. ამდენი წლის შემდეგ რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20% და სოფელ-სოფელ აგრძელებს მიწების მიტაცებას ცეცხლის შეწყვეტის ხაზის გასწვრივ. 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ რუსეთმა ხელი მოაწერა უკრაინასთან მინსკი 1 და მინსკი 2 სამშვიდობო შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავდა დებულებებს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, რაც 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრით დასრულდა.
და თუ ეს მაგალითები საკმარისი არ არის, გაითვალისწინეთ პუტინის გარიგება ევგენი პრიგოჟინთან, დაქირავებული მებრძოლების „ვაგნერის“ ჯგუფის ახლახან გარდაცვლილ ლიდერთან, ივნისში მისი წარუმატებელი გადატრიალების მცდელობის შემდეგ. პუტინი და პრიგოჟინი შეხვდნენ ერთმანეთს, თვალებში ჩახედეს, ხელი ჩამოართვეს და მსოფლიოს აცნობეს, რომ ერთმანეთთან მშვიდობა დაამყარეს. რამდენიმე კვირის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ცაში აფეთქდა პუტინის აგარაკთან ახლოს.
შეიძლება ვინმეს სჯეროდეს პუტინის, როგორც პასუხისმგებლიანი სახელმწიფო მოღვაწის, რომელიც იცავს თავის სიტყვას? ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ მასთან ურთიერთობის ნორმალიზების იდეა თავის მოტყუებაა. ასე რომ, ერთადერთი გამოსავალი უკრაინის სამხედრო გამარჯვებაა, რაც, დიდი ალბათობით, მოსკოვში რეჟიმის ცვლილებას გამოიწვევს. ნებისმიერი სახის დაყვავება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს." წერს მიხეილ სააკაშვილი.