
გერმანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულმა ოპოზიციამ იმპიჩმენტისთვის მხარის არდაჭერის სანაცვლოდ, მათ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება მოსთხოვეს, უარყოფენ.
ენმ-ში კატეგორიულად გამორიცხავენ მსგავს მოლაპარაკებებს და აცხადებენ, რომ არც პრეზიდენტის იმპიჩმენტს დაუჭერენ მხარს:
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს ფრაქცია ენმ არ დაუჭრეს მხარს, რადგან ეს არის იმ რუსული გეგმის ნაწილი რომელსაც ახორციელებს ქართული ოცნება დღეს ქვეყანაში. ეს ნარატივი, რომ ნაციონალურმა მოძრობამ შეიძლება თურმე მხარი დაუჭიროს იმპიჩმენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გამო და ამით ივაჭროს, ქოცების მიერ შემოგდებული ნარატივია" ამბობს ანი წითლიძე.
ჩვენ ნამდვილად არ შევდივართ არავითარ გარიგებაში მათთან და ის სპექტაკლი რაც მათ მოაწყეს იმპიჩმენტთან დაკავშირებით და ა.შ. მინდა შეგახსენოთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის მათი წიაღის ნაწილი. შეიძლება კონფრონტაციაში ყოფილიყო ღარიბაშვილთან, მდინარაძესთან თუ სხვებთან, მაგრამ ყოველთვის ცდილობდა ნორმალური ურთიერთობა ჰქონოდა ბიძინა ივანიშვილთან" ამბობს ენმ-ის წევრი, ნიკა მელიას გუნდიდან ბაჩო დოლიძე.
ანალოგიურ პასუხი აქვთ პარტია "ლელოშიც":
"კონსულტაციები ლელოსთან არ ყოფილა. მსგავს კონსულტაციებში "ლელო" ჩართული არ ყოფილა. მიგვაჩნია, რომ ეს არის კონსპირაციის თეორიები და მსგავს პოლიტიკურ შაპიტოში მონაწილეობის მიღებას ლელო არ აპირებს" აცხადებს დეპუტატი ლანა გალდავა.
მსგავსი კონსულტაციების არსებობის არ სჯერათ არც მმართველ გუნდში. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ "ოპოზიციასთან ხვეწნას არ აპირებენ", რადგან მათ უკვე ღიად დაუჭირეს მხარი სალომე ზურაბიშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მდინარაძის თქმითვე, პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.
მმართველ გუნდს კენჭისყრაზე 100 ხმა დასჭირდება. "ქართულ ოცნებას" "ხალხის ძალასთან" ერთად პარლამენტში 84 ხმა აქვს.
ცნობილია, რომ "ევროპელი სოციალისტები", რომლებსაც პარლამენტში 4 დეპუტატი ჰყავთ, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, თუმცა დღეს არსებული მონაცემებით, მმართველ პარტიას იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა მაინც არ აქვს.
შეგახსენებთ, გერმანული მედია პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების დაანონსებას ეხმაურება და წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ქართული ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პირობებს უყენებს - თუ ის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერენ, თუმცა წყაროებს არ უთითებს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი