
გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევას აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის გაღიზიანება მოჰყვა. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანგარიშში საუბარია კომპანია TCF Georgia-ზე, რომელთან დადებული ხელშეკრულებითაც კომპანია პრივილეგირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
TFC Georgia-ს ციტრუსის დასახარისხებელი საწარმოს ასამოქმედებლად ქობულეთში მიწის ნაკვეთი და შენობა სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცა. ამის შემდეგ, კომპანიამ ქონება ბანკ "ქართუში" იპოთეკით დატვირთა. მას შემდეგ, რაც 3,500,000 ლარის საინვესტიციო ვალდებულება ვერ შეასრულა, მიწა და შენობა იძულებითი აღსრულების გზით, იპოთეკარი „ბანკი ქართუს” საკუთრებაში აღმოჩნდა.
კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომელთან დაკავშირებითაც არასამთავრობო ორგანიზაციას კითხვები აქვს „გრინ რეზორტს“ ეხება. კომპანიამ პირდაპირი მიყიდვის ფორმით ყველაზე დიდი ფართობის მიწის ნაკვეთები, 180 ჰექტარი, ქობულეთში შეიძინა. ამასთან დაკავშირებით, გასულ წელს მაშინდელი პრემიერი, მამუკა ბახტაძე ახალი მულტიფუნქციური კომპლექსის - „მწვანე ქალაქის” მშენებლობაზე საუბრობდა, რომელიც ნახევარი მილიონი უნდა დამჯდარიყო. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თანახმად, ხელშეკრულებაში მითითებული თანხა მხოლოდ ნახევარია - 250,000,000 ლარს შეადგენს.
იმ კომპანიებს შორის, რომლებთან დადებულ ხელშეკრულებებშიც ცვლილებები შევიდა, 9 „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელშეკრულებების პირობები სწორედ ამ კომპანიებზეა მორგებული. გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის კითხვები და ოპოზიციის კრიტიკა აჭარის მთავრობის მეთაურისა და ქობულეთის მერისთვის მიუღებელია.
2019 წლის ხელშეკრულებების მონიტორინგის საფუძველზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ აჭარის მთავრობას ინვესტორებისთვის თანაბარი პირობების შექმნისკენ და პროცესის გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი