რატომ შეიძლება გაუარესდეს სამედიცინო მომსახურების ხარისხი? ამის საშიშროება კლინიკების ხელმძღვანელებმა მთავრობის 149-ე დადგენილებაში ამოიკითხეს. მათი აზრით, ახალი რეგულაციები კონკრეტულ კლინიკებზეა მორგებული და საავადმყოფოების ხელოვნურად გამსხვილებას ითვალისწინებს. ბევრი, შედარებით მცირე სტაციონარი კი გაკოტრდება და დაიხურება.
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების აუცილებლობაზე თავად მედიკოსებიც საუბრობენ, თუმცა ფიქრობენ, რომ შეთავაზებული რეგულაციები ამას არ ემსახურება. მთავრობის 149-ე დადგენილების მიხედვით 2020 წლის ბოლომდე სტაციონარული ტიპის დაწესებულებებმა ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოიყვანონ თავიანთი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური მხარე თუ ადამიანური რესურსები.
კლინიკების ხელმძღვანელების შეფასებით, რეგულაციების შესასრულებლად მათ დამატებითი ინვესტიციები სჭირდებათ. ქვეყნის ეკონომიკური თუ პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე კი ეს შეუძლებელია. ერთ-ერთი მოთხოვნა კარდიოლოგური კლინიკისთვის სულ მცირე, ორი სრულად აღჭურვილი საოპერაციოს არსებობაა.
ახალ რეგულაციებში პაციენტებისთვის მომსახურების გაძვირების რისკებს ხელისუფლების ოპონენტებიც ხედავენ. ისინი კლინიკების ხელმძღვანელების მოსაზრებას იზიარებენ, რომ ეს ცვლილებები კონკრეტული საავადმყოფოებისთვის მიზანმიმართულად არის შემუშავებული.
კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც კლინიკები საუბრობენ, იმ შემთხვევაში თუ ამ რეგულაციების ფონზე ბევრი მცირე კლინიკა დაიხურება ეს ეპიდვითარების შესაძლო გაუარესებაა. კლინიკების გამსხვილების შემთხვევაში კი ეს რეალური საფრთხეა.
პოლიტიკოსებიც და კლინიკების ხელმძღვანელებიც რეგულაციების გადავადების აუცილებლობაზე საუბრობენ. ამ მოთხოვნით 9 კლინიკის ხელმძღვანელმა პრემიერსა და ჯანდაცვის სამინისტროსაც მიმართეს, პასუხიც უკვე მიიღეს. ჯანდაცვის უწყებაში განუმარტეს, რომ რეგულაციების ამოქმედების გადავადებას არ აპირებენ.