სომხეთის პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ სომხეთის უსაფრთხოების ერთ ცენტრზე დამოკიდებულება სტრატეგიული შეცდომაა. ნიკოლ ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციას ცდილობს.
„სომხეთის უსაფრთხოების არქიტექტურა 99,999%-ით რუსეთთან იყო დაკავშირებული, მათ შორის იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენაში. მაგრამ დღეს, როცა რუსეთს თავად სჭირდება იარაღი და საბრძოლო მასალა, ცხადია, რომ ვერ უზრუნველყოფს სომხეთის უსაფრთხოების საჭიროებებს სურვილის შემთხვევაშიც. ამ მაგალითმა უნდა დაგვანახოს, რომ უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ცენტრზე დამოკიდებულება, ან მიბმულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ შეცდომის მწარე ნაყოფი გავსინჯეთ, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკის დივერსიფიკაციისთვის, ”- თქვა მან La Repubblica-სთან ინტერვიუში.
სომხეთის პრემიერის თქმით, რუსი პარტნიორები სომხურ მხარეს ეუბნებიან, რომ დასავლეთის ქვეყნები სომხეთის მთავრობას რუსეთის რეგიონიდან განდევნისკენ მოუწოდებენ, თუმცა ფაშინიანის თქმით, რუსეთი თავად ტოვებს რეგიონს. პრემიერის განცხადებით, ნახეს ისეთი სიტუაციები, სადაც რუსეთის ფედერაციამ ერთ დღეში, თვეში ან წელიწადში დატოვა სამხრეთ კავკასია.
"ჩვენს რუს პარტნიორებთან საუბრისას, ჩვენ ხანდახან გამოვთქვამთ ჩვენს აზრს და შეფასებას, რომ პირიქით, ვხედავთ, რომ თავად რუსეთი ტოვებს რეგიონს იმ ნაბიჯების გამო, რომელსაც დგამს ან არ დგამს. რა მიზეზების გამო, ჩვენ არ ვიცით...შეიძლება იგივე სცენარი განმეორდეს, რომ ერთ დღეს ჩვენ უბრალოდ გამოვფხიზლდებით და დავინახავთ, რომ რუსეთი აქ არ არის" ამბობს ფაშინიანი.
სომხეთის მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთის სამშვიდობო ძალები არ ასრულებენ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიხედვით ნაკისრ ვალდებულებას და ლაჩინის დერეფანი ამჟამად არ არის სამშვიდობოების კონტროლის ქვეშ - „ორი მიზეზი შეიძლება იყოს: ან რუსეთის ფედერაციას არ შეუძლია, ან არ სურს ლაჩინის დერეფანზე კონტროლის შენარჩუნება. ორივე, ჩვენი აზრით, პრობლემურია“, - განაცხადა პრემიერმა. დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხის გაცემისას კი მან თქვა: „ვფიქრობ, სადღაც არ უნდათ, სადღაც არ შეუძლიათ“.