საგამოძიებო კომისია შოვის ტრაგედიაზე - ენმ ბიუროზე დღეს დადგენილების პროექტს წარადგენს

გამოქვეყნდა:

პარლამენტის ბიუროს სხდომას დღეს დადგენილების პროექტი წარედგინება, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიური მოვლენების გამომწვევი მიზეზების და მასზე რეაგირების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს. დადგენილება  „ნაციონალურმა მოძრაობამ" მოამზადა. საგამოძიებო კომისიამ უნდა გამოიკვლიოს: რატომ არ არსებობდა მონიტორინგის და ადრეული შეტყობინების სისტემები, მიმდინარეობდა თუ არა სტიქიური უბედურების ზონაში  ხე-ტყის უკანონო გაჩეხვა, რა სახის სამშენებლო ნებართვები გაიცა სტიქიის ზონაში და მოხდა თუ არა რისკების შეფასება.

შოვის ტრაგედია იქნება  მთავარი საკითხიც პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, რომელიც ხვალ  გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში   ინტერპელაციის წესით  დაბარებულია შს მინისტრი ვახტანგ გომელაური. 

სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს დღეს ბიურო განსაზღვრავს. საშემოდგომო სესიის ფარგლებში რამდენიმე სახელმწიფო უწყების  მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიშის მოსმენაც იგეგმება. სესიაზე გავა თანამდებობიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხიც.

შეგახსენებთ, რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურებიდან ერთი თვე გავიდა. 30 დღეა სტიქიური მოვლენების ადგილზე სამძებრო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. ამ დროისთვის რაჭაში 31 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 2 მოზარდს კი ისევ ეძებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი