გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდით - ჯორჯ ბუშის წერილი

გამოქვეყნდა:

თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით - ნათქვამია აშშ-ის 43-ე პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის წერილში, რომელიც დევიდ კრამერმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე წაიკითხა.

ბუში კიდევ ერთხელ გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და უკრაინაში მიმდინარე ომს ეხმაურება. 

ჯორჯ ბუშის წერილში, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეცაა საუბარი და გამოთქმულია შეშფოთება, როგორ ექცევიან მას ციხეში:

"მე და ლორა ვუგზავნით მოკითხვას ქართველ ხალხს, ისევე როგორც კონფერენციის მონაწილეებსა და დამსწრეებს. ახლა, როდესაც თქვენ თბილისში ხართ შეკრებილები, მსოფლიოს ყურადღება უკრაინისკენ არის მიპყრობილი. ამ ომის შედეგს უზარმაზარი გავლენა ექნება მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში, დემოკრატიასა და თავისუფლებაზე. უკრაინის გამარჯვება დაამტკიცებს, რომ დემოკრატიული ძალების გამარჯვება შესაძლებელია, უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს თავისუფლების მოყვარული ადამიანების ძალას, უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება თქვენი ქვეყნის დეოკუპაციაც მოახდინოს პუტინის შემოჭრიდან 15 წლის შემდეგ. 

ქართველი ხალხი კვლავაც მტკიცედ უჭერს მხარს ტრანსატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების წევრობას, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზით. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კვლავაც გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, რომ ქვეყანა წინ მიდიოდეს. როგორც გასულ წელსაც ვთქვი, საქართველო განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ჩემს გონებაში. თქვენ ერთგული მეგობრები გყავთ შეერთებულ შტატებში. თუმცა, რჩება კითხვები დემოკრატიული ფასეულობებისადმი მთავრობის ერთგულებასთან დაკავშირებით. 

გული მტკივა, როდესაც ვუყურებ, როგორ ეპყრობიან ციხეში თქვენს მესამე პრეზიდენტს, რომელსაც მე ვიცნობდი. ბევრი ადამიანია შეშფოთებული საქართველოში რუსული გავლენების ზრდითა და იმით, რომ თქვენი მთავრობა ჯეროვნად არ უჭერს მხარს უკრაინას. 

ეს არის დრო, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდეთ თავისუფლების იდეის გარშემო. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია იმისათვის, რომ დავამარცხოთ ყველა, ვინც თავისუფლების იდეას ებრძვის. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და თავისუფლებისთვის მებრძოლი ყველა ადამიანი მსოფლიოში." ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში. 

კონფერენცია სახელწოდებით "პუტინიზმის დამარცხება" დღეს გაიხსნა. მასში  ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება "ქართული ოცნება". კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი