
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს რადიკალებსა და დეზინფორმატორებს უწოდებს. პაპუაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" მასში მონაწილეობას არ იღებს, რადგან ტრიბუნა ეძლევათ რადიკალურ ძალებს:
"შარშანაც იყო ეს კონფერენცია და მაშინაც არ დავესწარით. მიზეზი არის მარტივი და საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ეს კონფერენცია იქცა პლატფორმად, სადაც ტრიბუნა ეძლევა რადიკალურ ძალებს, იმ პოლიტიკურ ჯგუფებს საქართველოში, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიას, უარყოფენ არჩევნებს. ისინი არამხოლოდ არიან სტუმრებად დაპატიჟებული , არამედ ეძლევათ ტრიბუნა, რომ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი გააჟღერონ ასეთი სახის კონფერენციებში.
ასევე რა თქმა უნდა მონაწილეებიც არიან ზოგიერთი უცხოელი, რომელიც გამოირჩევა საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებით. მაგალითად, სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით და ა.შ. და თავისთავად ისეთი ადამიანებისთვის და პოლიტიკური ჯგუფებისთვის, რომელთაც აქვთ რადიკალური დღის წესრიგი და აწარმოებენ დეზინფორმაციას, მათთვის ტრიბუნის მიცემა არის მიუღებელი და ჩვენ ამის ლეგიტიმაციას ვერ მოვახდენთ" ამბობს პაპუაშვილი
კონფერენცია სახელწოდებით "პუტინიზმის დამარცხება" დღეს გაიხსნა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება "ქართული ოცნება". კონფერენცია მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.