არასამთავრობო ორგანიზაციები "ქართული ოცნების" მიერ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურებიან და წერენ, რომ ეს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე თავდასხმაა.
მათი შეფასებით, მმართველი პარტია იმპიჩმენტის გზით ევროინტეგრაციის პროცესს აზიანებს და საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, რომ იმპიჩმენტის პროცედურა შეწყვიტონ.
განცხადების ტექსტს გთავაზობთ უცვლელად:
"ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, დაიწყოს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, არის თავდასხმა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა 31 აგვისტოს ბერლინში შეხვედრით დაიწყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერი კამპანია, ევროპელ ლიდერებთან შეხვედრის მეშვეობით. ამას წინ უძღოდა მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება, რომლითაც პრეზიდენტს უარს ეუბნებოდნენ უკრაინაში, გერმანიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, ბელგიაში, დანიაში, არაბთასაამიროებში, ისრაელში, ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტებზე.
პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყება იმის გამო, რომ ის ევროკავშირის ლიდერებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების საჭიროებაში არწმუნებს, პირდაპირი იერიშია ევროკავშირზე, რაც ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმაც აღნიშნეს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ავალდებულებს როგორც პრეზიდენტს, ისე – მთავრობას, მიიღოს ყველა ზომა ევროკავშირში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საგანგაშოა, რომ მთავრობა არათუ უგულებელყოფს საკუთარ ვალდებულებას, არამედ საქართველოს პრეზიდენტს – კონსტიტუციურ ორგანოს, ხელს უშლის ჩვენი ისტორიული არჩევანის განხორციელებაში.
სწორედ ევროინტეგრაციის შემაფერხებელი ქმედებები წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას. კიდევ ერთხელ შევახსენებთ საქართველოს მთავრობას ქართველი ხალხის ურყევ ნებას ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის სახით, ევროინტეგრაციის პროცესის დაზიანება," - ნათქვამია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები: