
პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს რამდენიმე დღეში ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი კომისარი, ჯოზეფ ბორელი, ეწვევა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, ევროპელ კოლეგებთან ევროკავშირის 12 რეკომენდაციის თაობაზე მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და ბორელსაც კიდევ ერთხელ მიაწვდიან განახლებულ ინფორმაციას.
"ვასრულებთ და შევასრულეთ 12-ივე რეკომენდაცია. მაქსიმუმს ვაკეთებთ. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ბატონ ბორელს, რომელსაც კიდევ ერთხელ გადავცემთ განახლებულ ინფორმაციას, თუ სად ვიმყოფებით, ზოგადად, ამ 12 რეკომენდაციის იმპლემენტაციის პროცესში.
დღეს, მაგალითად, გეტყვით, რომ ერთ საათში ჩვენ გვექნება ევროინტეგრაციის უწყებათაშორისი კომისია, სადაც ასევე განვიხილავთ, მოვისმენთ კიდევ ერთხელ უწყებებისგან განახლებულ ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს, ზოგადად, ევროინტეგრაციის პროცესი. ასე რომ, ყველაფერი არის ძალიან კარგად. ჩვენ ამ პროცესს მივიყვანთ ბოლომდე." განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყველა მიღწევა ევროინტეგრაციის გზაზე ქართული ოცნების "ექსკლუზივია" და არც პრეზიდენტს და არც ოპოზიციას ბოლო 10 წელში არაფერი გაუკეთებია.