მზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის - "ქართული ოცნება" ამ წუთებში პარტიის მთავარ ოფისში იკრიბება. მმართველი პარტია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაყენებისთვის ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ პროცედურის დასაწყებად საჭირო ხმებს მოაგროვებენ და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. მმართველი პარტიის ოფისში შესვლისას, მედიასთან კომენტარი "ქართული ოცნების" არცერთ წევრს არ გაუკეთებია.
გარდა ამისა, თბილისის მერი კახი კალაძე თანაგუნდელების აზრს იზიარებს და პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში სდებს ბრალს.
"პრეზიდენტი მიემგზავრება უცხოეთში, მან უნდა მიიღოს ნებართვა ხელისუფლებისგან. რა თქმა უნდა გაკეთებული იყო განაცხადი იმასთან დაკავშირებით, რომ მას სურვილი ჰქონდა უცხოეთში გამგზავრების და მან უარი მიიღო.ახსნა განმარტებაც იყო გაკეთებული.. აი ეს არის ზუსტად კონსტიტუციის დარღვევა.. ძალიან მძიმე იყო, როდესაც პირდაპირ საუბრობდა იმაზე, რომ საქართველო არ იმსახურებდა სტატუსს და როდესაც ასეთი ადამიანი მიდის, რა თქმა უნდა, ჩნდება ეჭვი, რომ ის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ " - ამბობს კალაძე.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" იმპიჩმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებში წასვლის უფლება არ მისცა, თუმცა ის მაინც წავიდა. ევროპული ტურნეს ფარგლებში კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.