"არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს... ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია" | მდინარაძე

გამოქვეყნდა:

"ყველაფრის მიუხედავად, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ.

"ნაცმოძრაობისგან" რაღაცის არკადრების მოლოდინი არ გვაქვს-თქო რომ გითხრათ, მოგატყუებთ. ამას თქვენგან ვიგებ, დაადასტურა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც გერმანულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, თუ მედიასაშუალებებმა ეს ინფორმაცია მოიპოვეს. ყველაფრის მიუხედავად, ხომ არის რაღაც ზღვარი, არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს ამ შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს მხარს დაუჭერენ. ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი ალბათ პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს.

ანუ, მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიმე დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხზე მხარდაჭერით. შეუძლებელია, ეს დავიჯეროთ და ვივარაუდოთ, რომ ამაზე წამსვლელი იყოს სალომე ზურაბიშვილი, იმის მიუხედავად, რაზეც უკვე წავიდა. ეს მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს, თუმცა რამდენად მორალურია „ნაცმოძრაობის“ საქციელი, რომ ემუქრებიან პრეზიდენტს - შეუძლებელია, პოლიტიკოსი და ადამიანი ასეთ რამეზე წავიდეს და ჩემი სკამის გამო ვიწყალებდე ერთ კაცს", - თქვა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" იმპიჩმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებში წასვლის უფლება არ მისცა, თუმცა ის მაინც წავიდა.  ევროპული ტურნეს ფარგლებში კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი