
"ქართული ოცნების" წევრის, მამუკა მდინარაძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის განსახილველად ხელმოწერები საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე დღეში გადაეგზავნება. მდინარაძე თანაგუნდელების მსგავსად ამტკიცებს, რომ ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია, ევროპაში გაემგზავრა და ლობირებას უწევს კანდიდატის სტატუსს.
"ხელმოწერები შედგება ხოლმე და დოკუმენტები გამზადდება. წარედგინება საპროცედურო კომიტეტს, რომელიც ყველა შემთხვევაში ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ამის შემდეგ უკვე რამდენიმე დღეში გადაეგზავნება საკონსტიტუციო სასამართლოს და 1 თვიანი ვადა აქვს მას თავისი დასკვნის გამოსატანად. 100 ხმა ამისათვის ჩვენ არ გვაქვს, თუმცა მაინც მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა, პრეზიდენტის მიერ უპრეცედენტო ამბავია, რეაგირების გარეშე არუნდა გაატარო ასე გადავწყვიტეთ. მიუხედავად იმისა, რომ წინა დღეებში ჩვენ თვითონ ვლაპარაკობდით, რომ აზრი არ აქვს შედეგთან მიმართებით, თუმცა სახელი უნდა დაერქვას", - თქვა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ოცნებამ" იმპიჩმენტზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილს ვიზიტებში წასვლის უფლება არ მისცა, თუმცა ის მაინც წავიდა. ევროპული ტურნეს ფარგლებში კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა.