"სურდათ მეთქვა, რომ ეს იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და არაფერ შუაში არ იყო ჩიგოგიძე" | დავით მჟავანაძე გამოძიებამ დაზარალებულად ცნო

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით მჟავანაძე, რომელსაც 3 სექტემბერს ჩოხატაურში სცემეს, გამოძიებამ დაზარალებულად ცნო. მჟავანაძემ ოზურგეთის პოლიცია ცოტა ხნის წინ დატოვა და თქვა, რომ გამოკითხვაზე "სურდათ, ეთქვა, რომ ეს იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და არაფერ შუაში არ იყო ჩიგოგიძე".

ღამის 10 საათზე დამიძახეს იმისთვის, რომ დაზარალებულად ვეცნე, მაგრამ ეშმაკი დეტალებშიაო, იტყვიან და ვნახე, რომ თითქოს ეს დაპირისპირება, რომელიც მოხდა ჩოხატაურში და რეალურად ეს იყო ჩიგოგიძის მიერ დაორგანიზებული წინასწარ ზონდერ ბრიგადების მიერ ჩემზე თავდასხმა დაგეგმილი, თითქოს ეს ყველაფერი იყო ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე და თითქოს არაფერში არ იყო არც ჩიგოგიძე, არც ეს ზონდერ ბრიგადები თითქოს ვიღაცას შეველაპარაკე... უნდოდათ, რომ ამაზე მომეწერა ხელი. და ფაქტობრივად 2 საათის განმავლობაში მე მიხსნიდნენ იმას, რომ ეს იყო სწორი ფორმულირება, მაგრამ, ბუნებრივია, მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ეს იყო ურთიერთშელაპარაკება... ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ წუთებში მიმდინარეობს დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა, - ამბობს მჟავანაძე.

ცნობილია, რომ პოლიციამ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, ჩოხატაურში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ცემაში მონაწილე ფიგურანტებიდან 4 პირი დააკავა. ამ წუთებში ოთხივე მათგანი ოზურგეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება.

ცნობისთვის, 3 სექტემბერს, ჩოხატაურში დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წევრებს პარლამენტარ ვასილ ჩიგოგიძის დაჯგუფება და ოცნების მხარდაჭერები თავს მაშინ დაესხნენ, როცა ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ. ოპოზიცია მაჟორიტარ ვასილ ჩიგოგიძის ინტერესებზე საუბრობს და თავდასხმის ორგანიზებაშიც მას ადანაშაულებს.

ავტორი: ვლადიმერ მენაბდე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი