
თბილისში, საბურთალოზე მოსახლეობა კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ცინცაძის ქუჩის 77 ნომერში, საირმის გორაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა 1 თვის წინ გაიცა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე არ ჩატარებულა ნიადაგის შემოწმება და სხვა კვლევები. მათივე თქმით, შენობა, რომელშიც ცხოვრობენ მესამე ხარისხის ავარიული კორპუსია.
"საკმაოდ დიდი ქანები უნდა მოიჭრას, ამ ქანების ჭრის დროს ჩვენ ელემენტარულად გვეშინია იმის, რომ წამოვიდეს საირმის საცხოვრებელი კორპუსები, დაინგრეს ჩვენი სახლიც, დატრიალდეს მორიგი ტრაგედია და მერე, დამერწმუნეთ, შავი ლენტები არ უშველის. ვთხოვთ მერიას რეაგირებას, მერიისგან პასუხი არის ერთი, იგნორი სრული, არავინ არ მოდის, არავინ გველაპარაკება", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.
ცინცაძის ქუჩის მცხოვრებლები ითხოვენ მერი, კახი კალაძე ადგილზე მივიდეს და გაეცნოს სიტუაციას.