ოპოზიციამ კონსოლიდაცია უნდა შეძლოს, შოვზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა გადავდოთ - ბოკუჩავა

გამოქვეყნდა:

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე "ქართულმა ოცნებამ" ისევ პროცედურული ომის გზა აირჩია. 

მისი თქმით, ფრაქცია "საქართველოსთვის" დამატებით დროს ითხოვს შს მინისტრის ინტერპელაციის პროცედურამდე, რომელიც თვის ბოლოს უნდა ჩატარდეს.  ბოკუჩავას განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის განხილვა და კენჭისყრაზე დაყენება გადაიწევა და დაელოდებიან გიორგი გახარიას პარტიის პოზიციას.

"ვფიქრობ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს ეხება და ეს არის საკითხი, სადაც ოპოზიციამ აუცილებლად უნდა შეძლოს კონსოლიდაცია. ამიტომ, კეთილი, დაველოდოთ ამ ოპოზიციურ ფრაქციას, გადავდოთ საკითხის განხილვა ინტერპელაციის შემდეგ, ეს არის ოქტომბრის პირველი კვირა და ვმობილიზდეთ ყველა იმისთვის, რომ შეიქმნას ერთიანი ძალებით საგამოძიებო კომისია. ამ მომენტში, უდავოდ გამოჩნდება რეალურად რა სურს გახარიას, დანაშაულის გამოძიება, თუ დანაშაულის დაფარვა "ოცნებასთან" ერთად", - თქვა ბოკუჩავამ.

ბოკუჩავას განცხადებით, მანამდე შეხვდებიან ექსპერტებს, მოუსმენენ პარლამენტში შს მინისტრს და ირაკლი ღარიბაშვილს. ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ გეგმავენ შოვში ჩასვლასაც და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს შეუერთდნენ:

"მეტიც, ვთავაზობ მოძალადე და ყველაფრისმკადრებელ პაპუაშვილსაც კი, შემოგვიერთდეს და წამოვიდე შოვში, და ამჯერად ბახილების გარეშე. ჩვენი მიზანია სიმართლის დადგენა და ჩვენ ყველა საპარლამენტო ბერკეტის გამოყენებით ვიბრძოლებთ ამ სიმართლისთვის". 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი