თადუმაძის სკანდალური დიპლომის საქმე შესაძლოა გენერალური პროკურორის იმპიჩმენტამდე მივიდეს. ორდღიან დებატებს შალვა თადუმაძის დიპლომის გარეშემო წერტილი თბილისი ყოფილმა პროკურორმა დაუსვა. მაია მწარიაშვილი ფიქრობს, რომ საპარლამენტო განხილვის დროს თადუმაძემ აღიარებითი ჩვენება მისცა და თავად დაადასტურა, რომ მისი დიპლომი გაყალბებულ მონაცემებს შეიცავს.
დიპოლომი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტია, ამიტომ მისი გაყალბება და გაყალბებული დოკუმენტის გამოყენებაც სისხლის სამართლის დანაშაულია. კანონის თანახმად, თუ მთავარი პროკურორი სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, მაშინ მისი გადაყენების ერთადერთი გზა იმპიჩმენტია.
„ქართულმა ოცნებამ“ 2018 წლის 30 ნოემბერს გააუქმა სპეციალური პროკურორის ინსტიტუტი, რომელიც ასეთი შემთხვევების დროს პარლამენტის მოთხოვნით ინიშნებოდა და მთავარი საგამოძიებო უწყების შეფის დანაშაულს იძიებდა. ამიტომ ახლა თადუმაძის მიერ ყალბი დიპლომის გამოყენების საქმის შესწავლა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შეუძლია.
დღეს დილიდან ივანიშვილის პარტიამ თადუმაძის გადასარჩენად ახალი სპეცოპერაცია დაიწყო. მამუკა მდინარაძემ პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილი დიპლომის ასლი მიიტანა და ამტკიცებდა, რომ ჯანეზაშვილს თადუმაძის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და ამიტომ სკანდალი დიპლომების თემაზე დახურულად გამოაცხადა.
მდინარაძის ამ პოლიტიკურ სვლას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის უმწვავესი რეაქცია მოჰყვა. ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს ყველა ის დიპლომი გაასაჯაროვა, რომელიც უცხოეთში სწავლის დროს აქვს მიღებული.
„ქართული ოცნება“ და შალვა თადუმაძეც ახლა კრიზისში არიან, თუ ივანიშვილის პარტია დიპლომის სკანდალის ფონზე მას ქვეყნის მთავარ მოსამართლედ დანიშნავს, ეს გუნდისთვის ნელი მოქმედების ნაღმი იქნება.
თუ გამოძიება დაადგენს, რომ თადუმაძის დიპლომი ყალბია, მაშინ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ბრალის ყველა ის დადგენილება, რომელსაც ხელი მთავარი პროკურორის რანგში ივანიშვილის პირადმა ადვოკატმა მოაწერა.