
თბილისის მერის, კახი კალაძის განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე 50-მდე კაფეს უნებართვო კონსტრუქციის დემონტაჟი განხორციელდა. მისი თქმით, 14 კაფეს აქვს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულება, ხოლო 7 ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოსგან კანონით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე თანხმობა აქვს მიღებული.
"აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ღია კაფეების მეპატრონეებს დაკავებული ტერიტორიის გათავისუფლება და მოწესრიგება დავავალეთ, რისთვისაც გონივრული ვადაც მივეცით. როგორც გახსოვთ, მათ პანდემიის პერიოდში, გამომდინარე იქიდან, რომ დახურულ სივრცეში მეტი იყო ვირუსის გავრცელების რისკი, უფლება მივეცით, მაგიდები გარე ტერიტორიაზე განეთავსებინათ, თუმცა სარისკო პერიოდმა გადაიარა და დროა, ფეხითმოსიარულეთათვის განკუთვნილი ტერიტორია მოწესრიგდეს. გამზირზე არსებული ვითარება სახანძრო თუ სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილებაში უშლიდა ხელს, რაც ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია", - თქვა კალაძემ.
მერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, გამზირზე არსებული იმ კაფეების მაგიდები და სკამები, რომლებიც სანებართვო პირობებით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ, შეზღუდულ არეალშია განთავსებული, რომელიც არ ზღუდავს როგორც ფეხით მოსიარულეების, ასევე, სახანძრო ან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას.