
ზაპოროჟიეს ოკუპირებულ რეგიონში, რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირის, ევგენი ბალიცკის მტკიცებით, კრემლის ძალებმა "ტაქტიკურად დატოვეს" სამხრეთ-აღმოსავლეთის სოფელი რობოტინო, მას შემდეგ, რაც კონტროლი დაკარგეს.
ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში საუბრისას მან თქვა, რომ სოფელი "თითქმის აღარ არსებობს საკმაოდ დიდი და ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად".
ბალიცკის მტკიცებით, მოშიშვლებული მიწის დაკავება, სადაც ადრე სოფელი იყო, "მიზანშეწონილი არაა", ამიტომ რუსული ძალები გაიყვანეს ბორცვებზე, საიდანაც სარგებლობენ სიმაღლის უპირატესობით.
"ეს დასახლება მხოლოდ რუკაზე რჩება", - ამბობს ის.
სოფელი უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა. 28 აგვისტოს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დაადასტურა გავრცელებული ცნობები, რომ თავდაცვის ძალებმა სრულად გაათავისუფლეს რობოტინო.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ერთი უკრაინული ქვედანაყოფი ახორციელებდა უწყვეტ შეტევებს ფრონტის ამ ზონაში და დაღლილობისა და დანაკარგების გამო, რაღაც მომენტში ამ დანაყოფმა დაკარგა შეტევის გაგრძელების უნარი. შემდეგ კი "რადიკალური გადაწყვეტილებები" მიიღეს: შეიცვალა ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა. შეიკრა 31 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯგუფი, საერთო ჯამში, ამ ქვედანაყოფმა 40 დღეში ექვსი თავდასხმა და ორი სადაზვერვო მისია ჩაატარა. კულებას თქმით, 31- კაციანი ჯგუფი ასრულებდა მთელი ბატალიონის მუშაობას, რომელიც დაახლოებით 400 კაცისგან უნდა შედგებოდეს. ზარალმა შეადგინა შვიდი დაჭრილი, მათ შორის მხოლოდ ერთი დაშავდა მძიმედ. ამ ჯგუფის მუშაობა შესაძლებელი გახადა მთელი ბრიგადის შეტევა სოფელზე და მისი გათავისუფლება.