მთავარი ამოცანა "ოცნების" რუსული რეჟიმის დამარცხებაა, არ ვაპირებთ ოპოზიციურ ჩხუბში მონაწილეობას - "ნორმალური არჩევანის" ლიდერები

გამოქვეყნდა:

ელენე ხოშტარიასა და  ზურაბ ჯაფარიძის მიერ ჩამოყალიბებული ახალი პოლიტიკური გაერთიანების მთავარი ფორმულაა: ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან და  საბჭოური ყაიდის ერთპარტიული მმართველობის შეცვლა,  დასავლური ტიპის  კოალიციური მართვით. 

"დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერებმა საარჩევნო გაერთიანების მიზნებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს:

"ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობა არის დაუშვებელი და ასე ვიყავით ჩვენ აქამდე. შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საარჩევნო გაერთიანება გავაკეთოთ და ვიბრძოლოთ ამ წელიწადს ამ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივისთვის.  კატეგორიულად არ ვაპირებთ, ოპოზიციურ ჩხუბში და რაღაცის მტკიცებაში მონაწილეობას. ჩვენი მთავარი ამოცანა, არის ქართული ოცნების რუსული რეჟიმის დამარცხება. კამათი, შეჯიბრი, ჩხუბი და შენი თავის გამოკვეთა სხვის ხარჯზე, ამას არ ვაპირებთ, არავისთან. არც გახარიასთან, არც ნაციონალურ მოძრაობასთან და არავისთან სხვასთან'' - ამბობს ელენე ხოშტარია.

ზურა ჯაფარიძის თქმით, ამ სისტემაში არჩევნებში მონაწილეობა 5%-იანი ბარიერის გადალახვას გულისხმობს, რაც მთავარი წინაღობაა და სწორედ ამიტომ ერთად კონსოლიდირება საუკეთესო გამოსავალია. 

''ჩვენ მეტ-ნაკლებად გვყავს ერთგვაროვანი მხარდამჭერები. ესენი  მეტწილად არიან ახალგაზრდები. საშუალო კლასი. მცხოვრები ურბანულ ნაწილში. ბარიერი ცხადია, არის ერთ-ერთი მიზეზი.  5%-იანი მაღალი ბარიერი ნიშნავს, თუ ამ სისტემაში იღებ მონაწილეობას და ვერ ლახავ ბარიერს ამით ირიბად ხელს უწყობ, რომ  რუსები დარჩნენ ისევ ხელისუფლებაში. შარშან აპრილიდან მოყოლებული დავდივართ ჩვენ და ველაპარაკებით სხვა პარტიებს, რომ საჭირო არის ძალების კონსოლიდაცია. მათ შორის მოსაფიქრებელია ფორმულა, რომელიც იქნება ყველაზე მომგებიანი და პასუხად, მთელი ამ თვეების განმავლობაში ჩვენ ვიღებდით, მხოლოდ ან დაცინვას, ან დასწრებაზე თამაშს ან საერთოდ ლანძღვას.''- ამბობს ზურა ჯაფარიძე. 

"ნორმალური არჩევანი" - ასე ქვია "დროასა" და "გირჩი მეტი თავისუფლების" გაერთიანებას, რომელიც დღეს შეიქმნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი