
დაავადებათა კონტროლის ერვნული ცენტრის დირექოტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, თბილისში ჯამში სულ 14-მდე ადამიანია, რომელთა კორონავირუსით ინფიცირებაც მესტიაში ყოფნას უკავშირდება.
ბოლო დღეებში თბილისში 1000-მდე ადამიანმა მიაკითხა ცხელების ცენტრებს, ვინც ნამყოფი იყო მესტიაში ბოლო 2 კვირის მანძილზე, აქედან 9 გუშინ გამოვლინდა, მანამდე იყო კიდევ შემთხვევა, ასე რომ, სულ 14-მდე ადამიანია თბილისში ვისი ინფიცირებაც უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტში ყოფნას - თქვა პაატა იმნაძემ.
ამ თემაზე პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში გამოვლინდა კიდევ ერთი შემთხვევა, კერძოდ ქობულეთში, სადაც ვირუსი თბილისიდან ჩასულ ქალბატონს დაუდგინდა.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.
მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.