მთავრობის სტრატკომი აგვისტოში ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ პრემეირი ნიუ იორკში კერძო ჩარტერული რეისით ჩავიდა.
მას შემდეგ რაც შეკითხვები გაჩნდა, თუ რა შემოსავლებით დაიქირავა პრემიერმა რეისი შეერთებულ შტატებამდე, მთავრობის სტარტკომმა პოზიცია შეცვალა და ახლა ამტკიცებს, რომ ჩარტერით ღარიბაშვილი ევროპამდე ჩავიდა, იქიდან კი შტატებამდე გზა რეგულარული რეისით გააგრძელა.
"საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა." აცხადებს სტრატკომი.
ურთიერთგამომრიცხავმა და წინააღმდეგობრივმა განცხადებებმა კიდევ უფრო მეტი შეკითხვა გააჩინა ირაკლი ღარიბაშვილის ფარული შემოსავლებისა და კოლოსალური პირადი დანახარჯების შესახებ.
ცნობისთვის, ღარიბაშვილმა აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლებლად შვილი ჩაიყვანა. აღნიშნულ უნივერსიტეტში 1 აკადემიური წლის ღირებულება 60 ათას დოლარს აჭარბებს.