"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, "ევროპული საქართველოს" ლიდერის, დავით ბაქრაძის მხრიდან ენმ-ზე თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობაზე თავდასხმა და მათ შორის ენმ-ს ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა არის სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომელიც მაგალითად ღარიბაშვილის ენით ახმოვანებს იმას, რომ ნაციონალური მოძრაობა საერთოდ უნდა გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ეს დააზიანებს საერთო ბრძოლას, რომელიც საერთო მაჟორიტარების ჭრილში მიმდინარეობს, - თქვა ხატია დეკანოიძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის ყველა პარტიის მთავარი მიზანი და გზავნილი ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა იყოს და არა პირადი ამბიციები.
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი, გუბაზ სანიკიძე ამბობს, რომ პოლიტიკაშიო 30-წლიანი მოღვაზეობის განმავლობაში არ ახსოვს, რომ ვინმეს ეთქვა "ეს კაცი აქ არ დავინახო" მთავრობის დაკომპლექტებასთან დაკავშირებით. ის ოპოზიციონერ კოლეგებს ურჩევს, რომ საკუთარი განცხადებებით "ნებსით თუ უნებლიეთ ბიძინა ივანიშვილის ნავში არ აღმოჩნდნენ".
დავით ბაქრაძემ გუშინ, 14 აგვისტოს განაცხადა, კოალიციური მთავრობის შემთხვევაში ყოფილი თანაგუნდელები, მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი მინისტრთა კაბინეტში არ იქნებიან, მათ შორის, არც პრემიერმინისტრად.