კანდიდატის სტატუსი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და EU-ს ღირებულებების პატივისცემით. ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო - ბორელი

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, რომელზეც საქართველომ და ევროკავშირმა ერთობლივად უნდა იმუშაონ. ბორელმა საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ პირველი განცხადება მედიისთვის ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გააკეთა. მას მედიის შეკითხვებისთვის არ უპასუხია.

ბორელის თქმით, საქართველომ დარჩენილი მცირე დრო უნდა გამოიყენოს რეფორმების გასაგრძელებლად და უმნიშვნელოვანესი მოთხოვნების შესასრულებლად.

"საქართველო მნიშვნელოვანი ნაწილია ევროკავშირისთვის და ეს არის გადამწყვეტი პერიოდი თქვენი მომავლისთვის, რადგან რამდენიმე კვირაში ევროკავშირი განიხილავს შემდეგ ნაბიჯებს ევროკავშირში საქართველოს გაერთიანებასთან დაკავშირებით და პირველად იქნება წარდგენილი მოხსენება საქართველოს პროგრესის შესახებ, როგორც გაფართოების კანდიდატი ქვეყნის შესახებ. 

მე მინდა ვიყო ძალიან მკაფიო, ამ მნიშვნელოვან დროს ევროკავშირის კარი ღიაა საქართველოსთვის და ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს გზას ევროკავშირის წევრობისკენ. კარი ღიაა და ჩვენ გვინდა, რომ მხარი დაგიჭიროთ ამ გზაზე. მაგრამ, ამავდროულად უნდა ვთქვა, რომ ევროკავშირის წევრობის აპლიკაცია სერიოზული ვალდებულებაა და კანდიდატის სტატუსი არ არის რაღაცა, რაც ქვეყნებს ეკუთვნით, იგი უნდა დაიმსახურონ და იგი უნდა დაიმსახურონ სერიოზული რეფორმებითა და ევროკავშირის ღირებულებების პატივისცემით. გულწრფელი რომ ვიყო, ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო...

საქართველოს შემთხვევაში, 12 პრიორიტეტი, რომელსაც სჭირდება შესრულება, რომელიც ევროკომისიის მიერ იქნა დაწესებული. ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად ძლიერი სამუშაოს გაწევა არ ხდება იმისთვის, რომ ბრიუსელი დაკმაყოფილდეს, ან დაკმაყოფილდნენ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, ეს ძალისხმევა საჭიროა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრება გაუმჯობესდეს" განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ევროკავშირის მხრიდან, საქართველოსთვის გაწეულ ფინანსურ დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ  2021-2024 წლებში საქართველოში მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტირება ხდება. 

ბორელის თქმით, ევროკავშირის მხარდაჭერა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია, რაც გამოხატულია ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონირებაში, რომელიც 15 წელია საოკუპაციო ხაზთან მუშაობს მშვიდობის შესანარჩუნებლად.

გარდა ამისა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებას და ამისთვის 16 მილიონს გამოყოფს.

ჯოზეფ ბორელის ვიზიტი საქართველოში დღეს დაიწყო. ის ხვალ გამართავს ხელისუფლების პირველ პირებთან შეხვედრას, შეხვდება სამოქალაქო საზოგადოებას და ჩავა საოკუპაციო ხაზთანაც. 
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი