"აქ იდო კულტურის სამინისტროს შეურაცხმყოფელი სტატუსი, რომელსაც ემიჯნება ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი" | მწერალთა სახლი

გამოქვეყნდა:

''აქ იდო კულტურის სამინისტროს შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური სტატუსი ნატალია ლომოურის შესახებ, რომელსაც ემიჯნება მწერალთა სახლის შემოქმედებითი ჯგუფი", - ამის შესახებ მწერალთა სახლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. 

ის ეხმაურება განცხადებას, რომელიც მათ Facebook-გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, რომელიც ამ დროისთვის უკვე აღარ იძებნება. თუმცა, განცხადება წერია კულტურის სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე და მას უცვლელად გთავაზობთ:

''სამინისტროს მიერ დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს - „მუზა“ მწერალთა სახლი ჩაატარებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ჯანსაღი სალიტერატურო პროცესების ხელშეწყობაა. ამ მიზანს ემსახურება სამინისტროს ან/და მის მმართველობაში მოქმედი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ლიტერატურული პროექტები და კონკურსები. ერთ-ერთი გამორჩეული ლიტერატურული კონკურსი გახლდათ „ლიტერა“, რომლის დაფინანსებაც კულტურის სამინისტრომ 2015 წელს დაიწყო, ხოლო კონკურსს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ მწერალთა სახლი ატარებდა.

კონკურსის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულების დაჯილდოება ექვსი სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით ხდებოდა. შემდეგ მწერალთა სახლმა და მისმა მაშინდელმა ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა სამინისტროსთან დაპირისპირების გზა აირჩიეს და 2021 წელს აღარ მოისურვეს „ლიტერას“ შენარჩუნება მწერალთა სახლის ფარგლებში; მეტიც, მათ ხელი შეუწყვეს ჩვენი  სალიტერატურო სივრციდან ამ მნიშვნელოვანი ლიტერატურული კონკურსის გაქრობას. ყოველივეს მიზეზად დასახელდა სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 2021 წელს შეიცვალა კონკურსების/პროექტების დაფინანსებისა და საკონკურსო კომისიის დაკომპლექტების წესი.

ახალი წესით გათვალისწინებული ერთ-ერთი სიახლის თანახმად, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის გადაცემული საბიუჯეტო სახსრებით ჩატარებული კონკურსის ხუთკაციან კომისიაში ერთი წევრი სამინისტროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. ნათელია, რომ მსგავსი კონფიგურაცია ვერაფრით მისცემდა სამინისტროს, სურვილის შემთხვევაშიც კი, კონკურსის შედეგებზე რაიმე გავლენის მოხდენის შესაძლებლობას. თუმცა, მწერალთა სახლის მაშინდელმა ხელმძღვანელმა და მის მიერ შერჩეულმა კომისიის სხვა წევრებმა სამინისტროს მიერ დასახელებულ კანდიდატს ბოიკოტი გამოუცხადეს და ლიტერატურული კონკურსი 2021 წელს არ ჩაატარეს.

გარდა ამისა, „მეამბოხეებმა“ ლიტერატურული პროცესისთვის დამაზიანებელ მსგავს საქციელს სიცრუეც დაუმატეს და საზოგადოებას განუცხადეს, რომ „ლიტერა“ მწერალთა სახლის მიღმა კერძო შემოწირულებებით ჩატარდებოდა. ალტერნატიული „ლიტერას“ ე. წ. დამფუძნებლები ქართველ მწერლებს დაჰპირდნენ იმ სამწერლობო პროცესის აღდგენას, რომელიც, მათივე თქმით, „კულტურის სამინისტრომ ქართველ მწერლებს წაართვა.“

აღნიშნული შესაძლებლობა მწერლებს მხოლოდ ერთხელ - 2021 წელს მიეცათ და მისი დამფინანსებელი ბატონი დავით კეზერაშვილი აღმოჩნდა, რამაც დაადასტურა, რომ ზემოხსენებული პროცესი იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული. ეს პროცესი რომ მიზნად არ ისახავდა ქართველი მწერლებისა და ქართული მწერლობის  ინტერესების დაცვას დადასტურდა იმითაც, რომ 2022 წლიდან დღემდე ე. წ. „თავისუფალი ლიტერა“ აღარ ჩატარებულა, რადგან, სავარაუდოდ, პოლიტიკური ინტერესი მოცემული პროცესისადმი დამფინანსებელს გაუქრა. შედეგად, მწერალთა სახლის მაშინდელი ხელმძღვანელობის გაუგებარი სურვილის გამო, ერთ-ერთი გამორჩეული კონკურსი სალიტერატურო სივრციდან საბოლოოდ გაქრა. 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სახელმწიფომ ვერ წამოიწყო სასამართლო დავა, რადგან აღმოჩნდა, რომ 2015 წელს სამინისტრომ „ლიტერას“ დაფინანსება პროექტის სახით დაიწყო და ის სათანადო წესით სამართლებრივად დაფუძნებული სახელმწიფო პრემია არ ყოფილა. 2021 წელს  განვითარებული მოვლენების ფონზე, სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძესთან თანამშრომლობის შედეგად, სამართლებრივი აქტის საფუძველზე დააფუძნა სახელმწიფო პრემია - „წლის საუკეთესო“, რასაც დიდი საზოგადოებრივი ინტერესი მოჰყვა.

2022 წელს კი, ქალბატონი ქეთევან დუმბაძის აქტიური მონაწილეობითვე, ასევე, ლიტერატორ, პუბლიცისტ სოსო ჭუმბურიძესთან თანამშრომლობის შედეგად, გადაწყდა, რომ ზემოხსენებული კონკურსი უფრო მასშტაბური გამხდარიყო, გაზრდილიყო მისი ბიუჯეტი, გაზრდილიყო ნომინაციების რაოდენობაც და დაარსებულიყო კიდევ უფრო მნიშვნელოვანი სახელმწიფო პრემია - „მუზა“, რომლის  სიმბოლოდაც მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება იქცეოდა.

ლიტერატურული კონკურსის - „მუზა“ უმთავრესი მიზნებია: ქართული ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა; საგამომცემლო სექტორის მხარდაჭერა; მწერალთა/მთარგმნელთა შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; ახალ ნიჭიერ ავტორთა გამოვლენა. დღევანდელი კონკურსის ბიუჯეტი „ლიტერას“ ბიუჯეტთან (50 000 ლარი) შედარებით ორჯერ მეტია და შეადგენს 100 000 ლარს.

გასულ წელს კონკურსში „მუზა“ 130-ზე მეტი მწერალი და მთარგმნელი მონაწილეობდა.
2022 და 2023 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა კონკურსი „მუზა“, შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები თერთმეტ სხვადასხვა ნომინაციაში:
წლის საუკეთესო რომანი;
წლის საუკეთესო პროზაული კრებული;
წლის საუკეთესო პოეტური კრებული;
წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა/ესე;
წლის საუკეთესო დებიუტი (აღმოჩენა);
წლის საუკეთესო თარგმანი;
წლის საუკეთესო კრიტიკა/რეცენზია;
წლის საუკეთესო პიესა/ინსცენირება;
წიგნის საუკეთესო დიზაინი;
წლის საუკეთესო ინოვაციური ლიტერატურული პროექტი;
პრემია ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

სსიპ მწერალთა სახლში ახალი ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძის, დანიშვნის შემდეგ სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წლიდან სამინისტროს მიერ სახელმწიფო პრემიის ლაურეატების გამოსავლენად დაფუძნებულ ლიტერატურულ კონკურსს „მუზა“ ჩაატარებს მწერალთა სახლი, რისთვისაც მას გადაეცემა საბიუჯეტო სახსრები 100 000 ლარის ოდენობით.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მწერალთა სახლის საქმიანობის უმთავრესი მიმართულება მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების, ასევე, საგანმანათლებლო და კულტურული სფეროს მხარდაჭერა, პოპულარიზაცია და განვითარებაა.'' - წერია სამინისტროს განცხადებაში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი