ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერთიანებულ სამეფოსთან კოორდინაციით, რუსული კიბერდანაშულის ჯგუფის Trickbot-ის დაჯგუფებაში შემავალი 11 პირი დაასანქცირა. ინფორმაციას უკრაინული მედია, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, სანქციების სიაში ადმინისტრატორები, მენეჯერები, დეველოპერები და პროგრამისტები შედიოდნენ, რომლებიც Trickbot-ის ჯგუფს ფინანსურ დახმარებას უწევდნენ. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, დაჯგუფებას რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან აქვთ კავშირი.
ისინი ამერიკულ კომპანიებს და კერძო საავადმყოფოებს დაესხნენ თავს. კერძოდ, დაჯგუფებამ COVID-19-ის პანდემიის დროს კიბერ იერიში ამერიკულ კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჯანდაცვის პროვაიდერებზე მიიტანა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნებისმიერი უცხოური ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც შეგნებულად ხელს შეუწყობს ტრანზაქციებს, ან ფინანსურ მომსახურებას უწევს სანქცირებულ პირებს, ან ერთეულებს ასევე შეიძლება დაექვემდებაროს აშშ-ს სანქციებს.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ბოლოს შეერთებულმა შტატებმა დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების, რუმინეთისა და საფრანგეთის მონაწილეობით ჩაატარა ოპერაცია Qakbot ჰაკერების ქსელის ლიკვიდაციის მიზნით, რომელსაც კიბერკრიმინალები ფინანსური დანაშაულისთვის იყენებენ. მაისში კი FBI-მ გაანადგურა ჯაშუშური პროგრამა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია 20 წლის განმავლობაში იყენებდა.