ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საკანონმდებლო ორგანოში მივიდა.
ვიზიტის ფარგლებში, ის დღეს პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების წევრებს შეხვდება, შემდეგ კი პრემიერთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და პრეზიდენტთან გამართავს აუდიენციას.
ბორელმა პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან უკვე გამართა.
"ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე დროის თვალსაზრისით და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება შესაბამისი გავლენა პროცესებზე.
არავინ არ არის სრულყოფილი. ყველას აქვს თავისი საშინაო დავალება და ეს 12 რეკომენდაცია, მინდა ზოგადად ვთქვა, რომ არის ნაწილი ჩვენი ქვეყნის რეფორმირების ამბიციური დღის წესრიგის. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმირების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველო არ გახდება სრულფასოვანი წევრი ევროკავშირის", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში 2-დღიანი ვიზიტით იმყოფება.