ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ჯოზეფ ბორელი, საკანონმდებლო ორგანოში იმყოფებოდა, სადაც ის პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრებს შეხვდა.
დეპუტატებისა და ბორელის საუბრის მთავარი თემა იყო ქვეყნის ევროინტეგრაცია და შესასრულებელი რეკომენდაციები. ოპოზიციის თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს პრეზიდენტის იმპიჩმენტსა და ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზეც. მათ შორის, რუსეთთან ფრენების აღდგენასა და რუსეთის სანქცირებული მოქალაქეების შემოშვებაზე.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი ამბობს, რომ შეხვედრაზე არაფერი ისეთი არ თქმულა, რასაც გარეთ არ ამბობენ.
"იყო საუბარი იმაზე, რამდენად გააღრმავებდა ეს [იმპიჩმენტი] პოლარიზაციას პოლიტიკურ დებატებში. ამაზე იყო საუბარი...არაფერი ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული ისეთი არ თქმულა, რასაც გარეთ არ ამბობს. ან ჩვენი მხრიდან ისეთი არ თქმულა, რასაც გარეთ არ ვამბობთ. ოპოზიციის ნაწილი აგრძელებს საუბარს, რომ არის პოლიტიზებული მართლმსაჯულება და ოლიგარქია ა.შ. და, რა თქმა უნდა, ბოლოს სტანდარტული ტექსტით ასრულებენ - მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რომ არ ვარგა ჩვენი ქვეყანა, არ ვარგა ჩვენი სასამართლო, არ ვარგა ჩვენი პოლიცია, არ ვარგა ჩვენი არაფერი ამ ქვეყანაში, მაგრამ მოგვეცით სტატუსი. არ ვიცი, ახლა ვის უნდა მოატყუონ, რომ ეს რაიმე ლობიზმია საერთოდ. როდესაც ადამიანს ეუბნები, რომ ეს არის უვარგისი ქვეყანა, მაგრამ რაღაც ლამაზი თვალების გამო უნდა მოგვცენ სტატუსი", - თქვა პაპუაშვილმა ბორელთან შეხვედრის შემდეგ.