ბოლო წელში პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, მოიმატა, რადიკალური ძალები დესტაბილიზაციას ცდილობენ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელთან, ჯოზებ ბორელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ბოლო ერთ წელში ქვეყანაში პოლარიზაციამ მოიმატა. მისივე მტკიცებით, საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს.

ღარიბაშვილმა თქვა, რომ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი არსებითად შესრულებულია.

"სამწუხაროდ, რაც დავაკვირდით ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც ეს რეკომენდაციები განისაზღვრა, პოლარიზაცია არა თუ შემცირდა, არამედ პირიქით, მოიმატა. იმიტომ, რომ საქართველოში მოქმედი რადიკალური ძალები, თავისი ბუნებით, თავისი გამოცდილებით, მე ვგულისხმობ წინა ხელისუფლების პარტიას, ყველაზე ანტიევროპული ძალები, ცდილობენ საბოტაჟი მოუწყონ ამ პროცესს და სწორედ მათთვის არის ერთ-ერთი მთავარი სასპეკულაციო საგანი სწორედ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ამას იყენებენ რადიკალური ძალები იმისთვის, რომ მოახდინონ დესტაბილიზაცია ქვეყანაში, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამიტომ მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება, მმართველი პარტია აბსოლუტურად მზად იყო, არის და იქნება მომავალშიც, რომ ვითანამშრომლოთ ყველა ოპოზიციურ ძალასთან მათ შორის, რომ საერთო, ეროვნული იდეა განხორციელდეს, საქართველო კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ამავდროულად ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტი არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და კეთილდღეობის უზრუნველყოფა ჩვენი ხალხისთვის", - თქვა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის მტკიცებით, თუ რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ საქართველოში მიაღწია კონკრეტულ შედეგს ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის "ქართული ოცნება". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი