დახურული შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლობაში - ოპოზიცია ჯოზეფ ბორელის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შეხვედრის მონაწილეების თქმით, მათ ევროკავშირის წარმომადგენლებს დამატებით მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.
"ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან. ითქვა, რომ ევროკავშირი იქნება ჩვენი ქვეყნის გვერდით. ახლა სამწუხაროდ ხედავთ, რომ არ ხორციელდება ის ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია რეკომენდაციების შესასრულებლად. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს რაც ვნახეთ "ქართული ოცნების" მხრიდან, მათ არანაირი განზრახვა ამ რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არ გააჩნიათ" - თქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარტია "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა დღეს შეხვედრები ხელისუფლების პირველ პირებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გამართა. ის ასევე იმყოფებოდა საოკუპაციო ხაზთან. ბორელის ორდღიანი ვიზიტი საქართველოში დასრულებულია.