ინდოეთში G20-ის სამიტი გაიხსნა

გამოქვეყნდა:

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში G20-ის რიგით მე-18 სამიტი დაიწყო. მსოფლიოს ლიდერების ეს შეკრება გეოპოლიტიკის მომავალ სტრატეგიასა და დღის წესრიგს განსაზღვრავს. 

როგორც სააგენტო Reuters წერს, სამიტი აფრიკული კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭებით დაიწყო. 

"ჩვენ მივესალმებით აფრიკული კავშირის წევრობას და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ჩართვა G20-ის მუშაობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვეობის გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში," - განაცხადა ინდოეთის პრემიერმინისტრმა, ნარენდრა მოდიმ.

ცნობისთვის, 9-10 სექტემბერს დაგეგმილ სამიტს, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად ესწრება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. იმის მიუხედავად, რომ პირველ ლედის, ჯილ ბაიდენს, კორონავირუსი დაუდასტურდა, ბაიდენი ინდოეთში ჩავიდა. პრეზიდენტის ტესტი უარყოფითი იყო.

როგორც ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, ადმინისტრაცია დიდი ოცეულის შეხვედრებზე ორიენტირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინის ომი, კლიმატის ცვლილება და ვალის რესტრუქტურიზაცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი