"ლელოს" წევრი, ლევან სამუშია, აცხადებს, რომ პარტია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურებს იწყებს, რადგან ღარიბაშვილმა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა და სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა.
სამუშია ამით TV პირველის ეთერში გასულ, Georgian Airways-ის დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილის, განცხადებას ეხმაურება, სადაც მან თქვა, რომ ღარიბაშვილი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.
"ეს არის პირდაპირ სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაული. აქ საქმე გვაქვს ჩვენ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან და როდესაც გუშინ ეს გადაცემა გადიოდა ეთერში, რომელიც სავსეა პირდაპირ მტკიცებულებებით, აღიარებითი ჩვენებებით, პირველწყაროდან, რომელმაც დავუშვათ ფრენა განახორციელა და ა.შ. უნდა დაწყებულიყო გამოძიება და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში უკვე დაწყებულიც უნდა იყოს გამოძიება, გავრცელებული უნდა იყოს ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ და მიმდინარეობდეს შესაბამისი პროცედურები. მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით და "ლელომ" კარგად იცის ამის შესახებ, რომ პროკურატურა მსგავს შემთხვევაში არათუ გამოძიებას არ იწყებს, საერთოდ არანაირ ქმედებებს არ ახორციელებს.
"ლელომ" მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ითვალისწინებს კონსტიტუციის 48-ე მუხლი, სადაც წერია, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, თუ არსებობს დანაშაულის ნიშნები, აქედან გამომდინარე ჩვენ ვიწყებთ იმპიჩმენტის პროცედურებს და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ," - განაცხადა სამუშიამ.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაურის აშშ-ში კერძო ვიზიტის შესახებ 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა, გამოაქვეყნა განცხადება და თქვა, რომ პრემიერი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. გიორგობიანის მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით კი სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.