განხეთქილება ოპოზიციაში - "ევროპული საქართველო" მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს

გამოქვეყნდა:

მათავარ პოლიტიკურ ბრძოლამდე 3 თვით ადრე, პოლიტიკურ გზავნილებზე "ევროპული საქართველოც" ალაპარაკდა. როგორ დაკომპლექტდება მთავრობა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში. პარტიის ლიდერი და საპარლამენტო სიის პირველი ნომერი "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან თანამშრომლობას გამორიცხავს და ამბობს, რომ ყოფილ თანგუნდელებს კოალიციური ხელისუფლების შემადგენლობაში არ მოიაზრებს. "ევროპული საქართველოს" პირობები ოპოზიცისთვის გაუგებარი აღმოჩნდა.

დავით ბაქრაძე ოპოზიციის მიერ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბრობს. გადამწყვეტ არჩევნებამდე 3 თვით ადრე "ევროპული საქართველოს" ლიდერი პარტიის მოთხოვნებს ასაჯაროვებს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთან, მიხეილ სააკაშვილთან თანამშრომლობას გამორიცხავს. გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა ამ საკითხზე საუბარი დავით ბაქრაძემ ან რა კონტექსტში და რა მიზნით გააერთიანა მისი ფიგურა მერაბიშვილთან და ადეიშვილთან, ვინც უკვე დიდი ხანია გააკეთეს განაცხადები პოლიტიკაში მოღვაწეობის შეწყვეტის შესახებ, უცნობია და უცნაურიც. "ევროპული საქართველოს" ლიდერი, პარტიის, რომელის რეიტინგიც ყველა გამოკითხვაში "ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგის მეოთხედსაც ვერ სწვდება, ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების დაკვეთით ხსნის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" გაუგებარია, რას ემსახურება ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან პარტიის ლიდერებზე თავდასხმა. მათთვის გასაგებია, რატომ მიმართავს მიხეილ სააკაშვილის გაშავების ხერხს "ქართული ოცნება", თუმცა ვერ ხსნიან, "ოცნებასთან" უნისონში მათი ყოფილი თანაპარტიელებისა და თანახელისუფლებლების მოქმედებას. 

პარლამენტარი სამადაშვილისთვის ასევე მიუღებელია ბაქრაძის გამონათქვამები საკუთარ საქმიანობასთან და როლთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და ამას მინიმუმ არაკეთილსინიდისიერებად და პოლიტიკურ ახლომხედველობად აფასებს.  

დავით ბაქრაძის მოულოდნელი განცხადების შემდეგ "ევროპულ საქართველოში" დამატებითი განმარტებები გაკეთდა. პარტიაში აზუსტებენ, რომ ახლა კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებაზე და პრემიერ მინისტრის სავარძელზე საუბარი ნაადრევია, თუმცა პირველი პირის სავარძელში კოალიციური ხელისუფლებისთვის კომპრომისული ფიგურას მოიაზრებენ. მათთვის კომპრომისულ ფიგურად კი მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი არ მოიაზრება. თუმცა, კვლავ არ ხსნიან, რის საფუძველზე გააერთიანეს მოქმედი პოლიტიკოსი და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ლიდერი სააკაშვილი, პოლიტიკიდან წასულ მერაბიშვილთან და ადეიშვილთან. არ საუბრობენ არც იმაზე, თუ არჩევნების შედეგების მიხედვით ივანიშვილის მთავარი კონკურენტი სააკაშვილი აღმოჩნდა, მაშინ, როგორი იქნება ბაქრაძის განცხადების რეალური პოლიტიკური გაგრძელება. 

ოპოზიციურ ერთობაში განხეთქილების შეტანა ერთადერთი ადამიანის აწყობსდა და ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილია - ამბობენ გაერთიანებულ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ გადამწყვეტი ბრძოლის წინ შიდა დაპირისპირება და პარტიული ინტერესების ერთიან ოპოზიციურ ინტერესებზე წინ დაყენება ზიანს აყენებს ოპოზიციის ერთიანი კანდიდატების მხარდაჭერის პროცესს და  ივანიშვილის წისქვილზე ასხამს წყალს.

თავის განმარტებებსა და ვარაუდებში უფრო შორს მიდის "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე და "ევროპულ საქართველოს" უკვე არა პირველად ესხმის თავს და მათ ბიძინა ივანიშვილის მთავარ დასაყრდენად მოიაზრებს პროდასავლურ ოპოზიციაში.

გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლამდე 3 თვე რჩება. რა შედეგებს დადებენ ოპოზიციური პარტიები საპარლამენტო არჩევნებში, როგორი კონფიგურაციის იქნება ახალი მთავრობა ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, ვინ იქნება პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი - მხოლოდ საერთო მოწინააღმდეგე, ბიძინა ივანიშვილი, თუ კვლავ გაგრძელდება ერთი ოპოზიციური ჯგუფის მხრიდან მეორის ლიდერზე თავდასხმა, ჯერჯერობით, უცნობია. რაც შეეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მან საკუთარი პოლიტიკური განაცხადი უკვე გააკეთა: ის ივანიშვილის წინააღმდეგ გადამწყვეტ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს. გულისხმობს თუ არა ეს მის საპრემიერო კანდიდატად დასახელებას გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა არც ისე დიდი დრო დარჩა იმ მომენტამდე, როცა ამ საკიტხზე "ნაციონალური მოძრაობის" და პირადად სააკაშვილის პოზიცია გახდება ცნობილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი