"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა" | კალაძე ღარიბაშვილის ვოიაჟზე

გამოქვეყნდა:

"სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა და ღარიბაშვლის ამერიკული ვოიაჟის შესახებ TV პირველის ეთერში გუშინ გასულ რეპორტაჟს გამოეხმაურა. 

„პირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს პრემიერმინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა სახელმწიფო თვითმფრინავი და ამაში დახარჯა ბიუჯეტის თანხები. შემდეგ გაერკვნენ იმაში, რომ ეს არ იყო ბიუჯეტის ხარჯი და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. თუმცა, გვახსოვს წლები, როდესაც ხორციელდებოდა ასეთი ფრენები პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის პირობებში, ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით, ბიუჯეტიდან ხალხის ფულით ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება და ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა.

დარწმუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს დღეს ნიჭიერი შვილები ჰყავს, იგივე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან უნდა დააფინანსოს მაღალი თანამდებობის პირმა თავისი ოჯახის წევრები. შესაბამისად, პრემიერმინისტრმა და მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერმინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯები“, - თქვა კალაძემ.

ცნობისთვის, 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. თუმცა, მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.

მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.

გუშინ, 9 სექტემბერს კი, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.

ამის პარალელურად, მთავრობის სტრატკომი კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის მგზავრობის ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა და რეისი კომერციული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი