
''რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც", - ასე აფასებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპულ ტურნეს, "ქართული ოცნების" თავჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი თქმით, პრეზიდენტმა ევროპაში ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა იმიტომ არ მიიღო, რომ არაკონსტიტუციური შინაარსის ვიზიტი იყო.
„არ ვიცი, ვინ ურჩია ეს მას, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველია იმპიჩმენტის საკითხი. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ გაეწია ბიუჯეტის ხარჯი არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა, ეს იქნებოდა სისხლის სამართლის დანაშაულიც. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მისი მხრიდან ეს არის საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი. ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები.
შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ განზრახ არღვევდა კონსტიტუციას. რომ არღვევდა ეს ისედაც დღესავით ნათელია, მაგრამ მან მისცა პირდაპირი ჩვენება საკონსტიტუციო სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, შეგნებულად, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას და მან ასევე პირობა დადო, რომ გააგრძელებს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც, რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია“, - თქვა კობახიძემ.