
"მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა... დეტალურადაა გაწერილი, რა შემთხვევაში გამოიყენება ეს თვითმფრინავი", - ამის შესახებ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი თემურ ჯანაშია "მთავარ არხთან" საუბრობს და ღარიბაშვილის ამერიკულ ვოიაჟს ეხმაურება.
''აი, ასე, ჰარი ჰარალოზე, ვიღაცაზე მიაქირაონ, ეს არის სრული ბოდვა. ყოფილა შემთხვევები, ვიღაც მინისტრიც ჩამოგვიყვანია სასწრაფოდ, რაღაცა სახელმწიფო დავალება ყოფილა. თვითონ თანამშრომელიც დასწრებია ამ გადაფრენას, მაგრამ ისე, რომ ავიღოთ ვიღაცა და დაიქირაოს, ამის პრეცენდენტი არ ყოფილა. ყველას არ შეუძლია თვითმფრინავთან მიახლოება. არის ზედამხედველობის ქვეშ, ვთქვათ ლიდერის გამზადებას თავისი წესი აქვს. ეს არის გაწერილი ჩვეულებრივად, დაცვით ღონისძიებების გეგმაში. რა შემთხვევაში გამოიყენება ეს თვითმფრინავი, ლიტერული რეისების დროს როგორ ხდება მისი მომზადება, რა ოპერატიული ღონისძიებებია საჭირო, თუნდაც მომსახურე პერსონალთან მუშაობა... თუნდაც პილოტებთან, ეკიპაჟთან მუშაობა, ა.შ. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის გაწერილი და ეს არის ჩვეულებრივი წესი, რითიც ხელმძღვანელობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური და ზოგადად ყველა სპეც.სამსახურები, რომლებიც უმაღლესი თანამდებობის პირებს იცავენ'' - პასუხობს თემურ ჯანაშია.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოში აშშ-ში შვილთან ერთად ჩარტერული რეისით გაემგზავრა. თუმცა, მისი მტკიცებით, ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
მოგვიანებით სტრატკომმა ღარიბაშვილის აშშ-ში ჩასვლასთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი ჩარტერით ევროპაში ჩავიდა, იქიდან ამერიკაში კი რეგულარული რეისით.
გუშინ, 9 სექტემბერს კი, TV პირველის ეთერში სიუჟეტი გავიდა, სადაც Georgian Airways-ის დამფუძნებელმა, თამაზ გაიაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის პრემიერი გერმანიაში მისმა კომპანიამ, სამთავრობო თვითმფრინავით წაიყვანა. გაიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავი პრემიერის გასაფრენად სახელმწიფო დაცვის სამსახურმა შეუკვეთა.
ამის პარალელურად, მთავრობის სტრატკომი კვლავ ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილის მგზავრობის ხარჯი ბიუჯეტიდან არ გაწეულა და რეისი კომერციული იყო.