"ქართული ოცნების" 8-წლიანი მმართველობის უცვლელი ხელწერა და წინასაარჩევნო კამპანიის ასევე უცვლელი გზავნილები. ივანიშვილის სურვილებისა და მისი გუნდის საარჩევნო მესიჯების მთავარი გამხმოვანებელი თავდაცვის მინისტრია. ირაკლი ღარიბაშვილმა სპიკერის ამპლუა, როგორც ჩანს ყველაზე კარგად მოირგო და ამომრჩევლებთან შეხვედრების ძირითად დროს ისევ წინა ხელისუფლების 9-წლიან მმართველობაზე საუბარს უთმობს. მომავალზე ორიენტირებულ პარტიაში მომავალზე სათქმელი არაფერი აქვთ. კრემლის მთავარი სამიზნის - საქართველოს თავდაცვის უწყების პირველი პირის მთავარი ამოცანა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური რადარებიდან გაქრობაა.
"ქართული ოცნებისთვის" სიძულვილის ენა რომ ახალი არ არის ამას ეს ინტერვიუებიც ადასტურებს. წინასაარჩევნო კამპანია ხელისუფლებამ უკვე ხუთ არჩევნებზე კარგად გამოცდილი ხერხით წელს ისევ ოპოზიციის დისკრედიტაციით დაიწყო. როგორც ჩანს "ოცნების" საარჩევნო შტაბში იმსჯელეს და გადაწყვიტეს, რომ შავი პიარის ხაზს 2020-ის საპარლამენტო არჩევნებე ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანებებს. ღარიბაშვილი აქამდე ყველა კანდიდატის წარდგენას დაესწრო და ყველა ჯერზე მისი სათქმელი იდენტური იყო.
ოკუპირებული ქვეყნის თავდაცვის მინისტრს არ უხსენებია რუსული საფრთხეები და ოკუპაცია, თუმცა არ დავიწყებია ყველა იმ სიტყვის გახსენება, რაც ერთდროულად მის ლიდერსაც ასიამოვნებდა და თან ოპოზიციის დისკრედიტაციასაც მოახდენდა. ღარიბაშვილი ეროვნულ ამოცანად "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებას თვლის. როგორც ჩანს, "ოცნებისთვის" საკუთარ რვა წელზე და შეცდომენზე საუბარი უფრო რთულია, ვიდრე სხვისი ცხრა წლის გახსენება.
თავდაცვის მინისტრს, რომელიც სიძულვილის ენას დღითიდღე უფრო ხშირად იყენებს, დღეს ერთი-მეორის მიყოლებით მხარს სხვა "ოცნების" ლიდერებიც უბავდნენ. უმრავლესობის წევრებმა არ დამალეს, რომ მათ ხალხის ზრუნვაზე მეტად "ნაციონალური მოძრაობის" ქვეყნის სათავეში დაბრუნება ადარდებთ და რომ მათი მთავარი ამოცანა კოვიდ 19-ის ეპიდემიის დროსაც ოპოზიციაზე თავდასხმაა.
სამარცხვინო - ასე აფასებენ ოპოზიციის ლიდერები ღარიბაშვილისა და მმართველი გუნდის სხვა ლიდერების ბოლოდროინდელ განცხადებებს, სადაც "მეოცნებეები" დროს არა ხალხის პრობლემებზე საუბრით, არამედ ოპოზიციის მუდმივ თავდასხმაში ხარჯავენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ხალხისთვის 9 წელზე მეტი სასაუბრო უბრალოდ არ აქვს.
სიძულვილის ენა, რაშიც გაწაფულია "ქართული ოცნება", არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს - თქვეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათივე თქმით, ეს პირველ რიგში უარყოფითად ამომრჩეველზე მოქმედებს.
8-წლიანი მმართველობის დროს, როგორც ჩანს "ოცნებამ" ოპოზიციის შიში ვერ დაძლია. ანტირეკორდის და სიძულვილის ენის გამოყენებისთვის "ოცნებას'" დრო ჯერ კიდევ საკმარისად აქვს. არჩევნებამდე კიდევ 77 დღეა დარჩენილი, წარსადგენი კანდიდატი კი ჯერ კიდევ ბევრი ჰყავთ, სადაც როგორც ყოველთვის 9 უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე 8 და მისი ამომრჩეველი.