
"ლელო" ანზორ ჩუბინიძის უწყების, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოდან საჯარო ინფორმაციას ოფიციალურად ითხოვს. პარტიას სურს პასუხები კითხვებზე, თუ ვინ აანაზღაურა ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას, მოხდა ეს პირველად, თუ მსგავსი შემთხვევა წარსულშიც იყო და ვინ გადაიხადა თვითმფრინავის ქირაობის ფასი.
"იმის პარალელურად, რომ ჩვენ დღეს ვამზადებთ იმპიჩმენტის შესაბამის პროცედურას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოვითხოვოთ ის ინფორმაცია, რომელიც საჯარო ინფორმაციაა და საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, რაც უკავშირდება აღნიშნული ბორტით სარგებლობას. მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ დღეს ოფიციალურად მივმართავ ბატონ ჩუბინიძეს, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს უფროსს და მთელი რიგი შეკითხვები მას გაეგზავნება, რომელზეც ის ვალდებულია კანონის წინაშე, გაგვცეს პასუხი. ჩვენ გვაინტერესებს ვინ აანაზღაურა ის უზარმაზარი ხარჯები, რაც უკავშირდებოდა ღარიბაშვილის ოჯახის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის დაქირავებას, გვაინტერესებს პირველად მოხდა, თუ გასული 5 წლის მანძილზე იყო სხვა შემთხვევებიც, როდესაც ღარიბაშვილმა ისარგებლა სახელმწიფო რესურსებით საკუთარი ოჯახის სასარგებლოდ და საკუთარი მიზნებისთვის, გვაინტერესებს ვინ გადაიხადა ღირებულება ამ სამთავრობო თვითმფრინავის ქირაობის ანუ კონკრეტულად ვინ არის ის პირი, ვინც სავარაუდოდ ქრთამი შესთავაზა პრემიერმინისტრს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ღარიბაშვილის დეკლარაციის მიხედვით, ყველა შემოსავალი და დანაზოგი, მაინც არ ეყოფოდა იმ ჩარტერის ღირებულებას, რომელიც იქირავა.
"მინდა საზოგადოებამ იცოდეს რა ღირს მხოლოდ მიუნხენში, ჩარტერული რეისით რომ ჩაფრინდეს და ჩამოფრინდეს თვითმფრინავი, ფასი არის 390 000 ლარი, ანუ ღარიბაშვილი გვეყენა, რომ 390 000 ლარი მხოლოდ მიუნხენამდე ჩასვლა-ჩამოსვლაში გადაიხადა მან, თავისი ჯიბიდან", - თქვა ვაშაძემ.
ის მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" გამოქვეყნდეს მტკიცებულებები გადარიცხვაზე.