25 გატაცებული თანამოქალაქე, მათგან 4 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და ე.წ. ბორდერიზაციის 28 შემთხვევა იანვრიდან დღემდე - ასეთია საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება და საგანგაშო სტატისტიკა.
მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეიარაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს 12 მოქალაქე გაიტაცეს და ბორდერიზაცია 14- ჯერ განაახლეს.
საოკუპაციო ძალების პროვოკაციებს და უკანონო მოქმედებებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერგნეთის შეხვედრაზე გააპროტესტებს, რომელიც თითქმის ერთი საათია მიმდინარეობს.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით კი, ოკუპანტები სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლებით არიან დაკავებული, მათ სოფელ საკორინთლოსთან სანგრები გათხარეს და საგუშაგო მოაწყვეს. ფორმიანები მშვიდობიან მოქალაქეებს ჩასაფრებებს უწყობენ და მათ გამოგონილი მიზეზებით აკავებენ.