"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ეხმაურება "მთავარი არხის" ეთერში, "პოსტ ფაქტუმში" გასულ სიუჟეტს შუახევ ჰესზე. კადრებში, რომელიც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გადაიღო ნათლად ჩანს, რომ მთავარი გამყოფი კედელი დაზიანებულია და წყალი ჟონავს.
საია ამბობს, რომ ჰესის გახსნიდან დღემდე რამდენჯერმე უკვე დაზიანდა ჰესის სხვადასხვა ნაწილები და ამის მიუხედავად, ჰესი კვლავ ფუნქციონირებს.
ორგანიზაციის ცნობით, შუახევ ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერება სასამართლოში გასაჩივრებულია. დავის დაწყებიდან 9 წელი გავიდა და განხილვა სასამართლოში ჯერ კიდევ არაა დასრულებული.
"სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2013 წელს გაიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, შეუახევის და ხულოს ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (სხალთა ჰესის და შუახევ ჰესის) მშენებლობის ნებართვა. საია უკვე წლებია იცავს იმ ადგილობრივების ინტერესებს სასამართლოში, რომლებმაც დაიწყეს სასამართლოში დავა ჰესის მშენებლობის ნებართვის კანონიერებასთან დაკავშირებით. სწორედ აღნიშნული ნებართვაა გასაჩივრებული სასამართლოში. დავის დაწყებიდან დღემდე გასულია 9 წელი და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული საქმის განხილვა სასამართლოში.
საიას სამართლებრივი პოზიცია ნებართვის უკანონობასთან დაკავშირებით ეფუძნება ნებართვის გაცემის პროცესში როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, ასევე - გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაღალ რისკებს. ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების დროისათვის არ იყო ჩატარებული ის კვლევები, რომლებიც აუცილებელია მსგავსი საფრთხის შემცველი ობიექტის მშენებლობისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ დავის პროცესშივე, ექსპლუატაციიდან მცირე ხნის გასვლის შემდეგ, ობიექტის ნაწილი ჩამოინგრა. ამის მიუხედავად, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მიერ წარდგენილი დასკვნა, ამასთან, უარი განაცხადა პროცესზე ექსპერტის დაკითხვაზე და საბოლოოდ, 2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. მიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელმაც ძალაში დატოვა გადაწყვეტილება, თუმცა, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 თვის შემდეგაც არ ჩაბარებია მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც მხარე მოკლებულია შესაძლებლობას დროულად მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს", - აღნიშნულია განცხადებაში.
საია მოუწოდებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში შეისწავლოს ჰესის ამჟამინდელი მდგომარეობა და მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის მძიმე შედეგები, რომლებიც შეიძლება მოჰყვეს ჰესის ამ პირობებში ფუნქციონირებას. იხილეთ სიუჟეტი: