ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის [IPRM] სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა.მოლაპარაკებები თითქმის 7 საათის განმავლობაში გაგრძელდა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ე.წ. ბორდერიზაციისა და უკანონოდ დაკავების ფაქტები გააპროტესტეს.
ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში სულ 4 უკანონო პატიმარი იმყოფება, სუს-ის წარმომადგენლის თქმით, მათ ოჯახებს პოზიტიურ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გააცნობენ.
"დღეს განვიხილეთ წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენ თანამოქალაქეებს, ასევე უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პროცესს. ცენტრალური ხელისუფლება გააგრძელებს აქტიურ ძალისხმევას, რათა ეს პროცესი, რომელიც უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივების ყოველდღიურ ყოფიერებას, შეჩერდეს და შეიცვალოს ჰუმანიტარული მიდგომებით, რაც არსებითად გაადვილებს მათ ცხოვრებას" - ამბობს ირაკლი ანთაძე
დღევანდელ შეხვედრაზე საოკუპაციო რეჟიმმა ისევ მოითხოვა ჩორჩანაში ქართული პოლიციის საგუშაგოს გაუქმება, რაზეც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან უარი მიიღო. ერგნეთის მომდევნო შეხვედრა 1-ელ ნოემბერს ჩაინიშნა.