
12 სექტემბრის ღამით, რუსი დამპყრობლები კატარღებით ცდილობდნენ ხერსონის შტურმს - ამის შესახებ ხერსონის მერის ყოფილმა მოადგილემ, რომან გოლოვნიამ განაცხადა.
„დღეს მივიღეთ ინფორმაცია მტრის კატარღების შესახებ, რომლებიც ცდილობდნენ რაიმე სახის ოპერაციის განხორციელებას. მარცხენა სანაპიროზე საოკუპაციო ძალების როტაციის შედეგად მტრის სასოწარკვეთილი თვითმკვლელები გამოჩნდნენ, რომლებმაც გადაწყვიტეს ხერსონის შტურმი გემებით მდინარე დნეპრის გაღმა. ეს ჯგუფები ჩვენმა სამხედროებმა გაანადგურეს“ აღნიშნა რომან გოლოვნიამ.
მისივე ცნობით, ღამით ხერსონის რაიონში აქტიური საარტილერიო ბრძოლა მიმდინარეობდა და უკრაინის თავდაცვის ძალებმა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მოწინააღმდეგის საცეცხლე პუნქტებს დაარტყეს. ასევე, უკრაინელებმა იერიში მიიტანეს მტრის საველე საწყობზე ოკუპირებული ოლეშკას მიდამოში.