OC Media: პარლამენტის თავმჯდომარემ დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოვუქვეყნეთ

გამოქვეყნდა:

"საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ OC Media-ს დონორებზე ზეწოლა სცადა მას შემდეგ, რაც მოსაზრება არ გამოუქვეყნეს", - ამ სათაურით სტატიას გამოცემა OC Media აქვეყნებს და წერს, რომ  OC Media-ს დონორებიდან მინიმუმ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ გამოცემისგან უარის მიღების შემდეგ, თავმჯდომარის ოფისი მათ დაუკავშირდა.

დონორისთვის მიწერილ წერილში, რომელიც OC Media-მ საკუთარი თვალით ნახა, ნათქვამი იყო, რომ საქართველოს მთავრობასა და დონორს შორის თანამშრომლობა "ეყრდნობა საქართველოს მისწრაფებების საერთო აღქმას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ".

"ის, რომ თქვენ აფინანსებთ ორგანიზაციას, რომელიც მხოლოდ ცალმხრივ აშუქებს ქართულ პოლიტიკას და კატეგორიულად ამბობს უარს განსხვავებული აზრის გამოქვეყნებაზეც კი, არ შეესაბამება ამ სულისკვეთებას", - ნათქვამია წერილში.

აღნიშნული დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელმა OC Media-ს განუცხადა, რომ ისინი "გაკვირვებულები" დარჩნენ წერილით. "გაოცებულები დავრჩით ამ საჩივრით და არ ვიცოდით, როგორ აგვეხსნა" - თქვეს მათ.

გამოცემა წერს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის წარმომადგენელმა თიკო მგელაძემ OC Media-ს პირველად პაპუაშვილის მოსაზრების გამოქვეყნების თხოვნით 28 ივნისს მიმართა.

მგელაძემ მედიისთვის ტექსტის ჩვენებაზე უარი განაცხადა, სანამ რედაქცია არ დაადასტურებდა, რომ მოსაზრებას გამოაქვეყნებდა. მას შემდეგ, რაც ოფისმა შეიტყო, რომ სრულად ნახვის გარეშე კონტენტის გამოქვეყნების გარანტია არ არსებობდა, სპიკერმა მხოლოდ სათაური გამოგზავნა - "საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საქართველოს მოსახლეობისაგან გამოყოფის ტაქტიკა რუსეთის ჰიბრიდული თამაშის ნაწილია". მედიას პაპუაშვილის ოფისმა მიაწოდა ასევე ტექსტის პირველი აბზაცი.

OC Media-ს რედაქციამ ტექსტზე უარი თქვა. პაპუაშვილმა მოგვიანებით საკუთარი ნააზრევი X-ის პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა. OC Media-ს მთავარმა რედაქტორმა, რობინ ფაბრომ თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადვილი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რედაქციამ მკითხველების ინტერესებით იხელმძღვანელა.

"ჩვენ ჩვენს ჩვეულ ჟურნალისტურ საქმიანობაში ვისწრაფვით, რომ ადეკვატურად გამოვხატოთ ყველა მხარის პოზიცია, მათ შორის - საქართველოს მთავრობისაც”, - ამბობს ფაბრო, - "ეს არის მისია, რომელსაც მთავრობის მტრული დამოკიდებულება მედიის მიმართ ხშირად შეუძლებელს ხდის. მთავრობა ხშირად არ გვცემს პასუხს კითხვებზე, მათ შორის - ყველაზე უწყინარზეც. ჩვენი ჟურნალისტების წერილები უპასუხოდ რჩება, ზარებზე კი იშვიათად გვპასუხობენ".

გარდა ამისა, უკიდურესად ყურადღებიანები ვართ იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაქვეყნებთ ჩვენი მოსაზრებების სექციაში. რა თქმა უნდა, მივესალმებით განსხვავებულ აზრს, მაგრამ გვინდა, რომ ყველაფერი ფაქტობრივადაც გადამოწმებული იყოს, პასუხობდეს ჩვენს ღირებულებებს და იდეებს - ეს ჩვენი, როგორც დამოუკიდებელი მედიაგამოცემის უფლებაა".

"ფაქტია, რომ საქართველოს მთავრობა ხშირად ცდილობს უკეთ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე, ვიდრე - საკუთარ ხალხთან. დიდი შანსი იყო, რომ ოპ-ედი უბრალოდ გულწრფელი არ იქნებოდა".

"სწორედ ამ ფაქტორებით ვიხელმძღვანელეთ, როცა მივედით საერთო გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მოსაზრების გამოქვეყნება ჩვენს მისიას ეწინააღმდეგებოდა, რაც მკითხველისათვის ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს. მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის სტატუსის გამო რომ გამოგვექვეყნებინა ეს ტექსტი, მკითხველის ინტერესების უგულებელყოფა იქნებოდა", - თქვა ფაბრომ.

OC Media-ს დამფუძნებელი და თანადირექტორი მარიამ ნიკურაძე აცხადებს, რომ დონორებთან დაკავშირება როგორც კონკრეტულად ამ გამოცემის, ასევე, ზოგადად, მედიის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე პირდაპირი დარტყმაა.

"ქართული ოცნების შეტევები პრესაზე უცვლელად გრძელდება. სამი წლის წინ რომ გეკითხათ, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ გარემო, რომელშიც საქართველოში ვმუშაობთ, შეიძლებოდა ასე სწრაფად გაუარესებულიყო”, - განაცხადა ნიკურაძემ.

მან არ გამორიცხა სპიკერის მხრიდან შემდგომი ანგარიშსწორება, განსაკუთრებით ინციდენტის გასაჯაროება.

"არ გაგვიკვირდება, თუ ამას "დაუგეგმავი" აუდიტი ან ცილისწამებაზე საქმის აღძვრა მოჰყვება", - აცხადებს მარიამ ნიკურაძე, -  "ასევე შეშფოთებულები ვართ ოფისისა და თანამშრომლების უსაფრთხოების საკითხით, რადგან მთავრობამ უკვე შექმნა ჟურნალისტებზე თვალთვალის პრეცენდენტი".

"საბოლოოდ, ვფიქრობ, რომ ეს ინციდენტი აჩვენებს გაშუქების ძალას და რომ საქართველოს მთავრობას აშინებს ჩვენი მუშაობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ჟურნალიზმი ბრიუსელს, ვაშინგტონსა და სხვა არეალებს სწვდება".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი