გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, სამონადირეო მეურნეობა შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყის ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეუჩერეს. უწყების ცნობით, სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით ტყით სპეციალური სარგებლობისთვის მოთხოვნილი 97 276 ჰა ფართობიდან 20 540,3 ჰა, „ზურმუხტის ქსელის“ ტერიტორიაზე ფიქსირდება. დეპარტამენტი ამბობს, რომ კომპანიას სამინისტროში არ წარუდგენია შესაბამისი დოკუმენტები.
"აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანებით (N38/ს, 23 მარტი, 2022წ) განსაზღვრული დამატებითი სალიცენზიო პირობების თანახმად არსებულ ტერიტორიაზე შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა”-ს 2023 წლის 25 მარტამდე უნდა წარმოედგინა სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და საქმიანობის დაწყებამდე, ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების ანგარიში. შესაბამისი პუნქტი განისაზღვრა მთავრობის განკარგულებაშიც.
კომპანიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ამ დრომდე არ წარმოუდგენია არც სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა და არც ზურმუხტის ქსელის ტერიტორიებზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში", - წერია განცხადებაში.
გარემოდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამბობს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 66-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე, კომპანიის მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი, რომელიც ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.
"ამბროლაურის სასამართლომ, 2023 წლის 24 ივლისს შპს "ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკა"-ს მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2023 წლის 27 ივლისს გაასაჩივრა.
მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შექმნის მიზნით მოთხოვნილი ფართობის მიღება-ჩაბარების პროცესი შეჩერებულია", - აღნიშნულია განცხადებაში.
დეპუტატებმა ხათუნა სამნიძემ, თეონა აქუბარდიამ და თამარ კორძაიამ რაჭის ტყეების საქმესთან დაკავშირებით ივლისში ბრიფინგი გამართეს. საქმე ეხება ხიდაშელისთვის 104 712 ჰექტარი ტყის, 49 წლით, სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად გადაცემას.
პოლიტიკოსები ამბობენ, რომ საკითხზე არაერთი სამართლებრივი დავაა დაწყებული, თუმცა არცერთი საქმე წინ არ წასულა, რადგან რუსი ბიზნესმენი "ხელშეუხებელია". მათი თქმით, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი მზად იყო მთელი რაჭის ტერიტორია, 1 კვადრატულ მეტრში 45 დოლარად აეღო და დაეცვა თავისი ეკოსისტემებით, მაგრამ ხელისუფლებამ ხიდაშელს 11 ლარად გადასცა იგივე მიწები. იხილეთ ასევე: