დღეს საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, მეორე ერთობლივი კონფერენცია იმართება სახელწოდებით "საქართველოს გზა ევროკავშირისკენ".
ადგილზე იქნებიან დიპლომატიური კორპუსის, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები. პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ შარშან ევროკავშირმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და საქართველო დაჩაგრა.
"ჩვენ ერთადერთი მოლოდინი გვაქვს, რომ ევროკავშირი პოლიტიკურად კიდევ ერთხელ დაფიქრდება, რომ აქვს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები. შარშან ვნახეთ, რომ გადაწყვეტილება სამივე ქვეყნის მიმართ იყო პოლიტიკური, ნაკლებად დაფუძნებული დამსახურებებზე თუ სხვა ასეთ საკითხებზე. სამწუხაროდ, შარშან მცდარი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო ევროკავშირმა, როდესაც ლიდერი ქვეყანა დაჩაგრა და არ მისცა კანდიდატის სტატუსი და ეს რა თქმა უნდა, არის ამავე დროს გზავნილი არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, რაც იმედგაცრუებას იწვევს ხოლმე ასეთი გადაწყვეტილება, არამედ არის გზავნილი მათთვის, ვინც არ არის საქართველოს კეთილმოსურნე. ამიტომ მნიშვნელოვანია ევროკავშირმა გააცნობიეროს კიდევ ერთხელ თუ რა სამომავლო გეგმები აქვს მას საქართველოსთან დაკავშირებით და აქედან გამომდინარე მიიღოს ამ ჯერზე მაინც, სწორი გადაწყვეტილება", - განაცხადა პაპუაშვილმა.