ენმ-ს განცხადებით, ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ლარნაკაში ანსამბლთან ერთად წავიდნენ - რას პასუხობს მერია

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ოჯახის წევრებთან ერთად კვიპროსში, ადგილობრივ ქორეოგრაფიულ ანსამბლთან ერთად ბიუჯეტის ხარჯზე გაემგზავრნენ. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ადგილობრივ ხელისუფლებას საბიუჯეტო სახსრების პირადი მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს.

"იმის ფონზე, როცა ყოველდღიურად იმატებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანების რიცხვი, ხელვაჩაურის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ გადაწყვიტეს, რომ თავიანთი ოჯახის წევრები ბიუჯეტის ხარჯზე დაასვენონ კვიპროსზე. ეს არ მოდის ციდან, ისინი მაგალითს ღებულობენ საქართველოს პრემიერისგან", - განაცხადა ბრიფინგზე ენმ-ის წარმომადგენელმა.

ოპოზიციის ბრალდებებს მერის მოადგილემ უპასუხა. მირიან კვირიტაძის განცხადებით, ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე ოფიციალური ვიზით არის მიწვეული ლარნაკაში და მას  მეუღლე ამ ვიზიტის ფარგლებში არ ახლავს.

"კულტურის და ხელოვნების ცენტრიდან არის ანსამბლები წასული. ამასთანავე, მოწვევა ითვალისწინებდა მერის მიწვევას და სამუშაო შეხვედრას ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მერი ოფიციალური ვიზიტით არის წასული. მერი მივლინების ფარგლებში იმყოფება ვიზიტში", - განმარტავს კვირიტაძე.

 

განცხადება სოციალური ქსელით გაავრცელა მერიამაც, უწყება უარყოფს, რომ ლარნაკაში მერის ოჯახის წევრები და საკრებულოს თავმჯდომარე, მისი ოჯახით იმყოფება. 

"მოგახსენებთ, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფება კვიპროსში, ქალაქ ლარნაკაში და შეხვედრას გამართავს ქ.ლარნაკას მერთან.

რაც შეეხება გავრცელებულ დეზინფორმაციას მერის ოჯახის წევრების და ასევე, ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის და მისი ოჯახის წევრების ვიზიტში ყოფნასთან დაკავშირებით, მოგახსენებთ რომ ისინი იმყოფებიან საქართველოში და არ დაუტოვებიათ ქვეყანა.

რაც შეეხებება მერის ვიზიტს, ქალაქ ლარნაკას მერთან შეხვედრის მიზანია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ლარნაკას შორის თანამშრომლობა კულტურის, სპორტის, განათლების და ტურიზმის მიმართულებით, ეკონომიკური პროექტების შემუშავება და გამოცდილებების გაზიარება", - წერია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხელვაჩაურის მერის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ხმელთაშუა ზღვის ფოლკლორული ცეკვების, საგუნდო და ტრადიციული ბენდების მე-16 საერთაშორისო ფესტივალი, სადაც მონაწილებას იღებენ ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ანსამბლები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი