
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრას არ დაესწრება. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოზე დღეს მიიღეს. ენმ სხვა საპარლამენტო პარტიებსაც მოუწოდებს, არ შევიდნენ სასესიო დარბაზში კენჭისყრის დღეს და გამოირიცხება სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, დაუჭერს თუ არა ვინმე მხარს ოპოზიციიდან სალომე ზურაბიშვილის გადაყენებას. ცნობისთვის, იმპიჩმენტის კენჭისყრა ფარულია.
"დღეიდან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ „ქოცურ“ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს და მოუწოდებთ ყველა პროდასავლელ ოპოზიციური პარტიების ჯგუფებს არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი.
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკით ბუნებრივია მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ და არც ავიღებთ, ამიტომ მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ის სიმულაციები და არ დავტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში." განაცხადა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, მმართველ გუნდს სალომე ზურაბიშვილის გადასაყენებლად 100 ხმა სჭირდება, რაც ამ დროისთვის არ აქვს. საპარლამენტო ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ იმპიჩმენტს ხმას არ მისცემს.