ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6 000-მდე გაიზარდა, 10 000 პირი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ სტიქიის მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნება, სულ მცირე, გარმაგდება და სავარაუდოდ, 15 000-საც კი მიაღწევს.
ცნობილია, რომ ლიბიაში გამანადგურებელი წყალდიდობის შემდეგ ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკი იზრდება. ქალაქ დერნაში მაშველები გვამების შესანახი ჩანთების მიწოდებას ითხოვენ.
ინფექციური დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ასობით ადამიანი საერთო სამარხში დაასაფლავეს. დერნას მცხოვრებლები ახალი საველე საავადმყოფოს შექმნას ითხოვენ, რადგან ქალაქში არსებული ორი საავადმყოფო მორგად იქცა.
ლიბიაში სამაშველო ჯგუფები ჩავიდნენ ეგვიპტიდან, ტუნისიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, თურქეთიდან და კატარიდან. თურქეთი აგზავნის გემს ისეთი აღჭურვილობით, რაც ორი საველე საავადმყოფოსა და 148 სამედიცინო პერსონალისთვის არის საჭირო. დიდმა ბრიტანეთმა 1 მილიონ ფუნტამდე პირველადი დახმარების პაკეტი გამოაცხადა.
გაეროს მიერ აღიარებულმა ეროვნული ერთიანობის მთავრობამ განაცხადა, რომ 12-მა ქვეყანამ გაგზავნა დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები ლიბიაში. დახმარება მოიცავდა სამაშველო და აღდგენის ჯგუფებს, მეძებარ ძაღლებს, საველე ჰოსპიტლებს, სამედიცინო ეკიპაჟებს, თერმული სენსორულ მოწყობილობებს, მყვინთავების გუნდებს, საკვების მარაგს, თავშესაფრის მასალებს და გემებსა და თვითმფრინავებს.